აგვისტოს ომი დაიწყო 7-ში და არა 8-ში, როგორც ამას ოკუპანტი რუსეთი ამტკიცებს - ამის შესახებ განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მას აგვისტოს ომის დროს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. ენმ-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ომი დაიწყო საქართველომ 7-ში და 8-ში ის იძულებული გახდა, ჩარეულიყო. სწორედ ამიტომ გრიგოლ ვაშაძის თქმით, რუსეთი ცდილობს, ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო დაასახელოს.
"7 აგვისტო ეს ომის დაწყების თარიღია და რუსული პროპაგანდა შესანიშნავად მუშაობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასე გამოიყურება ხომ 08.08.08 თავში ადვილად იჭედება ეს ციფრები. მეორე, ეს მცდელობაა იმისი, რომ 7 აგვისტოს, თითქოსდა, საქართველომ გახსნა ცეცხლი და შემდეგ 8-ში მოუწია რუსეთის ფედერაციას ამაზე პასუხის გაცემა, რაც თავხედური სიცრუე არის. ზუსტად ისეთივე, რასაც ყოველდღიურად დღეს რუსეთის ფედერაცია მართავს უკრაინაში. ომი დაიწყო რუსეთის მიერ ცეცხლის გახსნის გამო 7 აგვისტოს. საქართველომ გახსნა საპასუხო ცეცხლი, პრეზიდენტმა გასცა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იყო კიდევ ერთი მცდელობა, რომ რამენაირად ჩვენ დავმდგარიყავით სამშვიდობო მოლაპარაკებების გზაზე. რუსეთს კი 08.08.08 სჭირდება იმისთვის, რომ ამტკიცოს, რომ მათ მოუწიათ 8 აგვისტოს პასუხის გაცემა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.