„ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება "ტელეკომპანია პირველს", რა თქმა უნდა, მე აქ არ ვიქნებოდი,“ - ეს განცხადება ”ტვ პირველის” გენერალურმა პროდიუსერმა, ინგა გრიგოლიამ გააკეთა.
ჟურნალისტი „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ვატო წერეთლის გამოკითხვა პირდაპირ უკავშირდება „პირველს“. ინგა გრიგოლია იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც ბოლომდე გამოძიებული არ არის.
„სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე ვიღაცის ბიზნესინტერესების დასაცავად, მე არ ვიქნებოდი. 100-დან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება სწორედ ტელეკომპანია "პირველს" და რატომ, იმიტომ, რომ ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით, საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ. წარმოიდგინეთ, ეს ხომ არის, თავისთავად, რაღაც უცნაური მოვლენა. პლუს, ჩვენ ვსაუბრობთ, თუ არ მეშლება, 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არ ჰყავს არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ესეც ხომ არის ძალიან უცნაური მოვლენა. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი... უეცრად, როდესაც ამდენი ამბავი არის გამოუძიებელი, თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელ საქმით, საქმით, რომელსაც არ ჰყავს არც მომჩივანი, არც დაზარალებული“ - ამბობს ინგა გრიგოლია.
ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia-ს” მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე.
„პირდაპირ კავშირს, "ტვ პირველის" მესაკუთრის დაკითხვასთან დაკავშირებით, ამ კუთხით ვერ ვხედავ, ვხედავ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ვახტანგ წერეთელი თავიდანვე თვითონ აცხადებდა, რომ ის ხაზარაძე-ჯაფარიძის ფულის გათეთრების ფიგურანტი იყო და ლამის თვითონ ითხოვდა, დამკითხეთო. კითხვები არის დროსთან დაკავშირებით, ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, როცა საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი არ იყო გამოკითხული, რაც ხდება დღეს, აგვისტოში და არ მომხდარა იანვარ-თებერვალში, თუნდაც... "ტვ პირველი" ჯანსაღი კომერციული სტრუქტურაა, ის მზარდია, ჩვენ გავაგრძელებთ საქმიანად პასუხების გაცემას კითხვებზე,“ - ამბობს გიორგი ისაკაძე.
„ტვ პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას რამდენიმე წუთში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.