ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის ჯიბეში ჩადების შემდეგ, იგივე განზრახვა აქვს „ტვ პირველთან“ დაკავშირებით. ეს განცხადება, ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ გააკეთა.
ტელეკომპანიის ცნობილი სახეები და ჟურნალისტები ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას ტელეკომპანიაზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებენ.
მათი თქმით, ის, რომ გამოძიება განახლდა ერთი წლის წინ დაწყებულ საქმეზე, კითხვებს აჩენს და ბადებს ეჭვებს, რომ ხელისუფლებას კრიტიკული აზრის ჩახშობა სურს.
ინგა გრიგოლიამ დღეს ის საქმეებიც გაიხსენა, რომელიც ბოლომდე გამოძიებული არ არის.
„მას მერე, რაც ხელისუფლებამ ჯიბეში ჩაიდო რუსთავი 2 და მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ დიდი ხანი გამუშავებენ "რუსთავი 2"-ზე. სახელებით და გვარებით შემიძლია ჩამოგითვალოთ, ვისით ჩაგანაცვლებენ თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი ვიცით, ყველანაირი გეგმის შესახებ. მას მერე, რაც რუსთავი 2 ჩაიდეს ჯიბეში, იფიქრეს რომ ბარემ აგვისტოა, ბარემ „ტვ პირველიც“ მივაყოლოთ. ახალი ალბათ არც ერთი თქვენგანისთვის არ იქნება, რომ ტელეკომპანია პირველზე იყო კულუარული მცდელობები და შეტევები, რაზეც მე არ ვისაუბრებ. ამაზე უნდა ისაუბროს არხის დამფუძნებელმა, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. მე ზუსტად ვიცი, რომ ეხლა იმიტომ დაიბარეს ვახტანგ წერეთელი, რომ რუსთავი 2 ჩავიდეთ ჯიბეში და ტელეკომპანია პირელსაც ბარემ, სანამ საარჩევნო პროცესში შევა ქვეყანა გავაჩერებთ. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვერ გააჩერებთ“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ვატო წერეთელი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება საგამომცემლო სახლის ”Forbes Georgia-ს” მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძეc.
„ამ ყველაფრის გადმოწევამ აგვისტოს თვეში, საეჭვო დამთხვევებმა, მათ შორის მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის ჯერ ბრალის წაყენებამ და შემდეგ ვახტანგ წერეთლის დაკითხვამ, უამრავი სხვა დეტალი, ნურავის ნუ გაუკვირდება, რომ მერე უკვე მათ შორის ტვ “პირველთანაც” ჩნდება კითხვები“ - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.