მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია გუგუტიანთკარში - პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ჟურნალისტებთან საუბარს უკრძალავს. სოფლის პერიმეტრს ისევ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. სოფელში მონიშნულია ყველა ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. მესაზღვრეები მავთულხლართებს გაჭიმავენ. ასევე, დამონტაჟებულია სპეციალური აბრები და მობილიზებულია სპეცტექნიკაც. ტერიტორიაზე რჩებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც.
ადგილობრივი მოსახლეობა ბორდერიზაციის დაწყებას ელოდება. ისინი ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადებების კეთებით პრობლემა ვერ მოგვარდება.
„მოსალოდნელია, აღმოჩნდეს მთლიანად სოფელი დაკარგული. მცოცავი ანექსიაა და ეს არის გამიზნული და ჩადებული ამაში, რომ ნელ-ნელა ჩამოვლენ და სოფელსაც დაისაკუთრებენ. მომავალი ასე მეჩვენება მე,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობროვმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ყველა შესაბამის უწყებას 7 აგვისტოს, ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერი რეაგირება ჰქონდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ უწყება გუგუტიანთკარში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა, სპეკულაციაა.
ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ორი დღის განმავლობაში მალავდა.
„კითხვების დასმის შემთხვევაში მედიამ მიიღო პასუხი, მათ შორის, ჩემგან, თუ ჩემი უწყებისგან და შესაბამისი უწყებებისგან და რაც შეეხება რეაგირებას, სახელმწიფოს ყველა შესაბამის უწყებას ჰქონდა მყისიერი რეაგირება 7-ში, დღის პირველ ნახევარშივე რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი შემდგომ დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერთო ასევე 7-ში,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო და გუშინ ისევ განახლდა.