17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
"ქართული ოცნება" მორიგ სკანდალში ეხვევა - ტერორიზმის საქმეზე ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილი დუმილს "კურიერთან" არღვევს

მაჩალიკაშვილის საქმე და აჰმეტ ჩატაევის საქართველოში შემოსვლა - წერილი "რუსთავის" მე-6 მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან „კურიერს“ კონფიდენციალურმა წყარომ მოუტანა. 4-გვერდიანი წერილის ავტორი ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული რიზვან, იგივე ზურიკო გორნაკაშვილია.

მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, სასჯელს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. წერილის ადრესატი კი საზოგადოებაა, ვინ ჩამოიყვანა აჰმედ ჩატაევი თბილისში, ვინ მფარველობდა საერთაშორისო ტერორისტს და როგორ ცდილობდნენ საგამოძიებო უწყებები თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავშირებას ჩატაევთან - ამ თემებზე დუმილს ბრალდებული პირველად არღვევს.

გორნაკაშვილის წერილი აჰმედ ჩატაევთან პირველი შეხვედრით იწყება. ის წერს, რომ თურქეთში ახლობლის თხოვნით გადავიდა და 2 დღის განმავლობაში საერთაშორისო ტერორისტის მძევალი იყო. აჰმედ ჩატაევთან გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ გორნაკაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო ტერორისტის საქართველოში შემოყვანა სპეცსამსახურებთან შეთანხმებული იყო.

გორნაკაშვილის ადვოკატი, კახა სოსელია ღიად ასახელებს იმ ადამიანებს, ვინც მისი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთში მოტყუებით გაუშვა. ერთ-ერთი ბაადურ ჩოფანაშვილია, რომელიც ამავე საქმეზე გასამართლებული პირია. ადვოკატის ინფორმაციით, ზურიკო გორნაკაშვილმა ჩატაევი საქართველოს საზღვრამდე მოიყვანა და ამით მისი მისია ამოიწურა.

მეორედ გორნაკაშვილი ჩატაევს უკვე თბილისში 2017 წლის 30 ოქტომბერს შეხვდა. ის ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დროებით სიძის ბინაში ცხოვრობდა, სწორედ ამ მისამართზე მივიდა ჩატაევი ღამით და აიძულა, ბინა მისთვის დაეთმო.

ზურიკო გორნაკაშვილი წერილში წერს, რომ ბერი სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსი სამართალდამცველთა ყურადღების ცენტრში იყო. შესაბამისად, სამართალდამცველებისთვის ყოველთვის ცნობილი იყო, ვინ დადიოდა ჩატაევთან ბინაში.

თუმცა საერთაშორისო ტერორისტთან კავშირის გამო პასუხისგებაში ყველა პირი არ მიუციათ. ზოგიერთმა მათგანმა სასჯელს თავი სუს-ში მფარველებით დააღწია. ერთ-ერთი, გორნაკაშვილის თქმით, გიორგი გორგიშვილი, იგივე გიორგი პანკისელია.

გიორგი გორგიშვილი სისხლის სამართლის მასალებში არ ფიგურირებს. როგორც ირკვევა, ის არც მოწმის სახითაა დაკითხული. უცნობია, იყო თუ არა გორგიშვილი იმავე ბინაში სპეცოპერაციის დღეს. შესაძლოა, ის იყოს ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, ვინც ჩატაევის დროებითი საცხოვრებელი პოლიციის შტურმის დაწყებამდე დატოვა.

ზურიკო გორნაკაშვილი წერილში წერს, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს ბინაში მისი ყოფნა უნდოდათ. ყოველ შემთხვევაში, ადგილზე მისვლას მისი ე.წ. ახლობლები სთხოვდნენ.

ზურიკო გორნაკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისში ახალ სამუშაო ადგილზე ხელახლა დააკავეს. ის იმ სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს, რა დროსაც დაკავების მომენტში სპეცრაზმელებმა თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. გორნაკაშვილი წერილში წერს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მას სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომელიც მხოლოდ იმას ცდილობდა, რომ ბრალდებულ გორნაკაშვილს არ ელაპარაკა.

ადვოკატი და ოჯახის წევრები კი ამტკიცებენ, რომ ზურიკო გორნაკაშვილს მინიმალურ სასჯელზე გარიგებას ნამდვილად სთავაზობდნენ, თუმცა მას კონკრეტული პირობა უნდა შეესრულებინა და მაჩალიკაშვილზე ჩვენება მიეცა, სადაც ის მოკლული ახალგაზრდის და საერთაშორისო ტერორისტის კავშირზე ისაუბრებდა.

რას შეცვლის სააპელაციო სასამართლო გორნაკაშვილის საქმეში, უცნობია. გორნაკაშვილებს ახლა ახალი ადვოკატების და სააპელაციო სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვთ. კახა სოსელიამ ზურიკო გორნაკაშვილის დაცვა საქალაქო სასამართლოს განაჩენის შემდეგ დაიწყო და საგამოძიებო უწყების მიერ გაკეთებული განცხადებების უზუსტობებზე საუბრობს.

ადვოკატის ინფორმაციით, სუს-ის ოფიციალური განცხადებით, გამოძიება შესაძლო ტერორისტების გამოვლენის მიზნით, სპეცოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყეს, საქმის მასალების მიხედვით კი, ყველაფერი 2017 წლის 21 ნოემბერს დაიწყო და მერე გასაჯაროვებული მასალებიც სამართალდამცავებს მოგვიანებით აქვთ მოპოვებული.

დღის ამბები