ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას უცხოელი ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ესტონეთის ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, ერიკ ნილს კროსი აცხადებს, რომ თუ კი ხელისუფლებას სურს გახდეს ავტოკრატიული ის ყოველთვის იწყებს ზეწოლას მედიაზე, ამიტომ აუცილებელია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა.
„თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოების წინაპირობაა. ყველა დემოკრატიას სჭირდება სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი მედია. ისიც მართალია, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთ ევროპაშიც, მედია პოლარიზებულია და ის კონტროლდება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის მიერ, შეერთებულ შტატებშიც მედია ან ძალიან პროდემოკრატიულია ან პრორესპუბლიკური. საქართველოში რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ დონეზე, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება, როდესაც დემოკრატია მარცხდება და ეს წარუმატებლობა ძირითადად სწორედ მედიით იწყება. ამის მაგალითია რუსეთი. თუ ხელისუფლებას სურს, გახდეს ავტოკრატიული, ის ყოველთვის იწყებს მედიაზე ზეწოლას და ამას ხალხი და ყველა დემოკრატი უნდა შეეწინააღმდეგოს,“-განაცხადა ერიკ ნილს კროსიმ.
საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებს იზიარებს ანალიტიკოსი ქრისტინა ფაშოუ. ის ამბობს, რომ "რუსთავი 2" იყო ყოველთვის ის არხი, რომელიც აჩვენებდა განსხვავებულ პერსპექტივას და ეწეოდა ხელისუფლების კრიტიკას. ამ არხის გაჩერება კი ნიშნავს იმას, რომ ხალხი ვეღარ მოისმენს განსხვავებულ აზრს.
"ვეთანხმები საერთაშორისო გამჭვირვალობას და ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ბევრი შეშფოთება არსებობს. პირადად ჩემი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ "რუსთავი 2" იყო ერთადერთი და ყველაზე ცნობილი არხი, რომელიც აჩვენებდა განსხვავებულ პერსპექტივას და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას. როდესაც კარგავ ამ მედია პლურალიზმს და თან აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველაზე აშკარა და დიდი ოპოზიციური არხის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ, შენ კარგავ დემოკრატიასაც. მედია პლურალიზმის არ არსებობა პოტენციურად ძალიან დიდი დარტყმაა ქართველი ხალხისთვის გაიგონ რეალურად რა ხდება მათ ქვეყანაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლების რეიტინგი უპრეცედენტოდ ეცემა და ახლოვდება არჩევნები, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, ჩემი აზრით მიმდინარე მოვლენები დამთხვევა არ არის. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს საელჩოები და დასავლელი პარტნიორები ყურადღებას აქცევენ,“-განაცხადა ქრისტინა ფაშოუმ.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა.