თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა - ამ განცხადებით, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მხარდამჭერებს მიმართავს.
გვარამია "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე, მისი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება, ამიტომ ის მოუწოდებს თანამოაზრეებს და გულშემატკივრებს, არ შეიტანონ თანხა ანგარიშზე.
"რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება არ გადაიხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო, ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადაარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც "შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში."
"მეგობრებო, გულშემატკივრებო, თანამოაზრეებო.
წუხელ გავარკვიე, რომ გირაოს ჩარიცხვა სპეც ანგარიშზე ჩემი თანხმობის გარეშეც შესაძლებელია და ამის შეზღუდვა ვერ მოხერხდება.
ძალიან ვაფასებ თქვენს თანადგომას და დახმარების სურვილს. ძალიან ფასეულია ჩემთვის ის სიტყვები, რასაც ვიღებ, რომ გარეთ ვარ საჭირო და ეს მნიშვნელოვანია საქვეყნო საქმისთვის.
ძალიან ვაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ღრმად პერსონალურია და ვერ დავუშვებ კომპრომისს, რამეთუ მორალურად დამანგრევს და ვეღარანაირ საქმეს მერე ვერ გავაკეთებ, ვერც საქვეყნოს და ვერც სხვას. ჩემი ეს გადაწყვეტილება ერთადერთი კონტრპასუხია, რომელიც მორალურად გადამარჩენს იმ ღრმად შეურაცხმყოფელი ბრალდებისგან, რომელიც შეთხზა ივანიშვილმა და რის გამოც ძალიან მძიმე პასუხს მიიღებს მომდევნო თვეებში.
მოკლედ, დაბეჯითებით გთხოვთ, თუ ჩემთვის კარგი საქმის გაკეთება გსურთ, არც იფიქროთ ჩემი გირაოს ანგარიშზე თუნდაც ერთი თეთრის შეტანა. ნებისმიერი თანხის შემტანი ძალიან დამაზარალებს რეპუტაციულად, რადგან მიცემს შესაძლებლობას ქოცებს, სასპეკულაციოდ გახადონ, რომ ეს ჩემთან შეთანხმებით მოხდა და ამგვარად, ირიბი და შემოვლითი გზებით გავაკეთე ის, რაც საჯაროდ დავგმე.
წინასწარ გიხდით მადლობას და იმედია ანგარიშს გამიწევთ და პატივს სცემთ ჩემს სრულიად შეგნებულ, ნაფიქრ, ოჯახთან შეთანხმებულ და ჩემთვის მორალურად ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას,"-წერს გვარამია.