ეს არის უზნეობა - ასე ეხმაურება ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, რომ მცოცავ ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სააკაშვილის მთავრობაა. განცხადებები "ოცნების" მთავრობის წევრებმა, გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთეს.
რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა ბორდერიზაციის პროცესი დაიწყეს. ამ დროისთვის სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივები ელოდებიან რომ პროცესი განახლდება.
ენმ-ს წევრის გიორგი ბარამიძე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით მმართველი გუნდი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პუტინს თავის მართლების შესაძლებლობა მისცეს საერთაშორისო ასპარეზზე.
„საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება, საკუთარი მთავრობის დადანაშაულება მხოლოდ ერთ საქმეს ემსახურება რომ რამენაირად პუტინს გაუადვილდეს საერთაშორისო სასამართლო იქნება ეს თუ საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ასპარეზი თავის გამართლება და რუსეთისგან პასუხისმგებლობის ჩამოცილება იმ დანაშაულზე რაც მას მიუძღვის საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო და ასევე საქართველოში ეთნიკური წმენდის განხორციელების გამო. რაც ადრე თუ გვიან, როდესაც ეს რეჟიმი მოშორდება საქართველოს აუცილებლად რუსეთის წინაშე ბევრად უფრო მწვავედ დადგება საერთაშორისო ასპარეზზე და ამისთვის რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
გეგუტიანთკარში ბორდერიზაციის გაგრძელების შემთხვევაში საოკუპაციო ხაზის მიღმა 9 ოჯახი აღმოჩნდება. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ, მათ პოზიციას რასაც იზიარებს ოპოზიციაც. „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაკავებულია ოპონენტების დევნით და არ აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ბედი.
"ხელისუფლებას და სახელმწიფო სტრუქტურებს აინტერესებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება და აინტერესებთ მისი პოლიტიკური მომავალი. სხვა უშუალოდ რაც ეხება მოქალაქეებს და განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს მათ არ აინტერესებთ. ამიტომ ადამიანები ადგილზე მიტოვებულად და უპატრონოდ გრძნობენ თავს. ისინი ვერ გრძნობენ სახელმწიფო ორგანოების ყურადღებას. იმიტომ რომ სახელმწიფო ორგანოები დაკავებულები არიან მედიის, პოლიტიკური ვ ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ანტისაოკუპაციო დემონტრაციის მონაწილეთა დევნით. დაპატიმრებებით, მათი სასამართლოებით. სხვა ინტერესი მათ აქვთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, როდესაც სრული უყურადღებობა არის სახელმწიფოს მხრიდან რუსეთს ხელ -ფეხი აქვს გახსნილი, რომ ჩაიდინოს ის თავხედობა რასაც სჩადის როდესაც დღესაც ავლებს მავთულხლართებს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.