„ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე რუსთავი 2-ის გაყიდვასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურება. სულხან სალაძემ განცხადება, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
სალაძე ეჭვობს, რომ 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზიას არავინ იყიდის და ამის შემდეგ გაკოტრების პროცესი დაიწყება.
მისივე თქმით, ეს პროცესი დიდი ხნით ადრე დაიგეგმა და ახლა მისი ფორმალური გაფორმება ხდება.
"70,000,000 მილიონის დავალიანების მქონე კომპანიის ერთ კვირაში გამჭვირვალედ გაყიდვა და რეალური მყიდველის პოვნის ვინმეს გჯერათ? ბევრი ფული რომ გქონდეთ და გარიგებას როგორც ბიზნესის ნაწილს ისე უყურებდეთ, ერთ კვირაში იყიდდით კომპანიას ამხელა ვალით? ალბათ არა, ცხადია თუ სხვა მიზეზი და მიზნები არ გაქვთ საამისოდ. ვფიქრობ, უფრო რეალურია, რომ ეს პროცესი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი და ახლა მხოლოდ ფორმალურად გაფორმებაა საჭირო.
როგორც ჩანს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად, გაყიდვა ყველაზე მარტივი გზაა. იმ შემთხვევაში, თუ არ გაიყიდება, მაშინ შეიძლება ალტერნატიული გეგმის - გაკოტრების საქმის დაწყება.
და ბოლოს, როგორც არ უნდა დასრულდეს არხის ყიდვა-გაყიდვა, ხელისუფლება მაინც შარშია. შარშია იმიტომ, რომ პროკურატურა 2012 წლის დეკემბრიდან იძიებს აქიმიძე-დვალის საჩივრის საფუძველზე - "რუსთავი 2"-ის საქმეს და ლოგიკურ დასასრულამდე არაფრის დიდებით არ მიჰყავს,"-წერს სალაძე.