„ქალბატონი ნაზი ჯანეზაშვილი ჩემთან მიმართებაში იყო არაადეკვატური, არარელევანტური და ახორციელებდა ჩემზე ზემოქმედებას,“ - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, პაატა შავაძემ გააკეთა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში, ადვოკატ პაატა შავაძესთან გასაუბრება ხმაურის ფონზე წარიმართა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვებმა გააღიზიანა.
"მან განუმარტა საზოგადოებას, რომ თითქოს მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ხოტბა უნდა შემესხა მურუსიძისათვის, ჩინჩალაძისთვის და ა.შ. ლევან მურუსიძე არის ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე არის ლიდერი, ირაკლი შენგელია არის ლიდერი. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სასამართლო ხელისუფლება მიიყვანეს დამოუკიდებლობამდე,“ - აცხადებს პაატა შავაძე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პაატა შავაძის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ ის ე.წ. კლანისთვის თავის მოწონებას ცდილობს.
„კანდიდატი, რომელიც მოვიდა და აქებდა მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს, შენგელია, პირდაპირ ცხადად აჩვენებდა იმას, რომ იგი აქ იმიტომ მოვიდა, რომ თავი მოაწონოს ამ კლანს და ჩინჩალაძეს. თქვენ ნახეთ მათი ბედნიერი სახეები, ასეთი გახარებულები კლანის წევრები ნამდვილად არასდროს არ მინახავს. ესეთი პატარა კომენტარებიც კი, რომელიც რეალობა ნამდვილად არ შეესაბამება და საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის, აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აქვს ჩინჩალაძეს და შესაბამისად, ამ თავის მარტივი, პრიმიტიული გზით ცდილობს, რომ დაიმკვიდროს ადგილი 20 კაციან სიაში,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.