18 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს - ფინანსთა მინისტრი ტელევიზიებს ვალების რესტრუქტურიზაციას სთავაზობს

ფინანსთა მინისტრი იმ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება აქვთ, მოუწოდებს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყონ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სხვადასხვა ხელისუფლებების დროს დამკვიდრებული იყო მანკიერი პრაქტიკა როდესაც ტელევიზიები აგროვებენ ვალებს და შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათი ჩამოწერა. მინისტრის თქმით, ამჯერად ასე არ მოხდება და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ივანე მაჭავარიანი მოუწოდებს ტელევიზიებს მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში მიაწოდონ მათი შეთავაზებები. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ტელევიზიებმა არ უნდა დააგროვონ ახალი ვალები. ის მოუწოდებს ტელევიზიებს, რომ მიმდინარე გადასახადები გადაიხადონ.

„მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი გასწორდეს. მოტივი ის არის, რომ არის სხვა ტელევიზიები გაცილებით პატარა და ისინი არ აგროვებენ ამ დავალიანებას და იხდიან და მე მგონი არ არის სამართლიანი. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს ამ ადამიანებმა, ვინც პატიოსნად იხდიან ამ გადასახადებს. ყველამ უნდა დაიწყოს გადასახადის გადახდა. როგორ ვხედავათ ამის მოგვარებას. ეს დავალიანებები არის დიდი და ამის ერთბაშად დაფარვა გაუჭირდება ტელევიზიებს და შეიძლება მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დადგეს. მინდა მივმართო ტელევიზიებს და მოვუწოდო, უახლოეს ვადაში ველოდებით, რომ მოვიდნენ თავიანთი შეთავაზებით როგორ ხედავენ თავიანთი ვალების რესტრუქტურიზაციას. პირველ რიგში რაც არის მთავარი ის არის, რომ მიმდინარე დავალიანებები გადაიხადოს ყველამ და აღარ მოხდეს ვალის დაგროვება,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ საკმაოდ მსხვილი დავალიანებები აქვს "რუსთავი 2-ს," "ტელე იმედს" და "მაესტროს." 

მინისტრი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს ტელევიზიების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ყველა მყიდველმა უნდა იცოდეს, რომ მანკიერი პრაქტიკა დავალიანებების დაგროვების, არის გასასწორებელი.

"ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა ამ ტეოლევიზიას არ გადახდილი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება,"-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიების დავალიანებების რაღაც ნაწილი ჩამოწეროს, ნაწილი კი გადანაწილდეს. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებების ნაწილია. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრინციპული მიდგომა იქნება იმაზე, რომ ტელევიზიებმა  მიმდინარე გადასახადები გადაიხადონ. 

მინისტრის თქმით, ტელეკომპანიებს ფინანსური დავალიანებები, 2016 წლიდან დაუგროვდათ.

დღის ამბები