დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება.
რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.
მოსახლეობა შეშინებულია და დახმარებას ითხოვს. გუგუტიანთკარში მცხოვრები ერთ-ერთი მოსახლე, გია რაზმაძე კი დილიდან საკუთარ სახლს ანგრევს და ტერიტორიის დატოვებისთვის ემზადება. ოკუპანტების სამუშაოების დასრულების შემდეგ, მისი სახლიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა.
"ვნახეთ შემოიჭრნენ სიღრმეში უბნისა და მიაქვთ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ, ნაკუწ-ნაკუწ და წაიღეს და ისხედით თბილისში მშვიდად, მშვიდად იყავით. თქვენი ხომ არაფერი იკარგება ვითომ და თქვენი არ არის. მარტო ჩემია ეს და ჩემი ოჯახის რომ ესე დაცემულიყო. სულს ვღაფავთ, რომ ყოველდღე გათენდება რა გავაკეთო, რითი ვარჩინო ჩემი ოჯახი... "-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი, თინათინ ბიძინაშვილი.
მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან ქართველი სამართალდამცავებიც. მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, სადაც განაცხადეს, რომ ისინი გმობენ რუსეთის მხრიდან გადადგმულ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯს და უწყება აღნიშნულ პრობლემაზე ყველა სესაბამის ფორმატში ისაუბრებს.