17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ხმაური სოფელ მერეთთან - ანტიოკუპაციური აქციის წევრები პოლიციამ გუგუტიანთკარში არ შეუშვა

ხმაური სოფელ მერეთთან არსებულ პოლიციის საგუშაგოზე - სამართალდამცველებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის, " რუსეთი ოკუპანტია" წევრები და აქტივისტები გააჩერეს და სოფელ გუგუტიაანთკარის მიმართულებით არ გაატარეს. სამართალდამცველებმა კორდონი გააკეთეს. 

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ რომ მათ მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა უნდოდათ, მათი მხარდაჭერის მიზნით.

ახალგაზრდებს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის დირექტორის მოადგილე შეხვდა. ირაკლი ანთაძემ განმარტა რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა დროებითი ღონისძიებაა და ის უსაფრთხოების დაცვისთვისაა საჭირო. გუგუტიაანთკარში შესვლას უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ითხოვს ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია".

გზის ჩაკეტვამ ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია. აქტივისტებმა  ხელისუფლება კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა და მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

„ჩამოვედით იქ, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია ამ წუთას საქართველოში, სადაც ახალი კერა გაჩნდა მავთულხლართების, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, რომ შემოიჭრნენ და ფაქტობრივად, შემოვიდნენ რუსები, საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავეს და კიდევ ერთო სოფლის ნაწილია ოკუპირებული. იმის მაგივრად, რომ ქართული პოლიცია იდგეს იქ და საზღვარს ამაგრებდეს და იცავდეს მოსახლეობას რუსებისგან, ჩვენგან აკეთებს იზოლირებას, ჩვენ არ გვიშვებენ, რომ არ გამოვიტანოთ სიმართლე. უშვებენ მარტო ადგილობრივებს, რუსულ ნომრიანი მანქანებიც მოძრაობენ უპრობლემოდ. ფაქტია, რომ შსს აღარ თანამშრომლობს ხალხთან,“- განაცხადა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

დღის ამბები