17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
6 კომპანიის მიერ წარმოებულ წითელ ტყემალში, ტომატის საწებელსა და აჯიკაში, ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში, "სუდანის" ტიპის საღებავები აღმოჩნდა

საქართველოში წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ჯანმრთელობისთვის უკიდურესად სახიფათო ნივთიერებებს შეიცავს. შედეგები, რომელიც ევროკავშირის აკრედიტებული ლაბორატორიის კვლევამ აჩვენა, კატასტროფულია.

6 კომპანიის მიერ წარმოებულ წითელ ტყემალში, ტომატის საწებელსა და აჯიკაში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში, სუდანის ტიპის საღებავები აღმოჩნდა. ამ ჯგუფის საღებავებს ნივთებისა და კედლების შესაღებად იყენებენ. საკვებად მისი მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია, სისტემატიური გამოყენება იწვევს სიმსივნეს, ლეიკემიას და სხვა მძიმე დაავადებებს.

„კულას“ და „მარნეულის ქარხნებში“ წარმოებული წითელი ტყემალი, „ფუდსერვისის“ ტომატის საწებელი „სუპრემო,“ კომპანია „ეს“-ის წარმოებული ”ეს აჯიკა,” მშრალი აჯიკა ”თეთნულდი” და ვიეტნამიდან ექსპორტირებული „სოლედოს“ ჩილის სოუსი - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელშიც სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა აკრძალული საღებავები აღმოაჩინა. კვლევა გერმანულ ლაბორატორიაში ჩატარდა, სადაც 42 ნიმუში გადააგზავნა, 6-ში სუდანის საღებავი იპოვეს.

ევროკავშირის აკრედიტებული ლაბორატორიის კვლევის შედეგების არ სჯერათ „მარნეულის სასურსათო ქარხანაში.“ მონაცემების გადამოწმებას ქარხანა ალტერნატიულ ლაბორატორიაში გეგმავს. მანამდე კი წითელი ტყემლის წარმოება უკვე შეწყდა და პროდუქტი კომპანიამ გაყიდვიდან ამოიღო. „კულაში” კი ამ შედეგებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ მავნე საღებავებს არ იყენებენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ პროდუქციაში „სუდანის“ ტიპის საღებავები დაფქვილი წიწაკიდან ხვდება, რომელსაც კომპანიები სანელებლებად იყენებენ.

მავნე საღებავების შემცველობაზე ლაბორატორიული შემოწმება საქართველოში არ ტარდება. ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებზე კვლევა, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით ჩაატარა.

დღის ამბები