დედა, რომელმაც თხილის პლანტაციაში ყველასგან ფარულად იმშობიარა და საკუთარი შვილი სასიკვდილოდ გაწირა, ისევ კლინიკაში რჩება. 31 წლის ქალმა გურიის ერთ-ერთ სოფელში, გვიან ღამით, თხილის ბაღში იმშობიარა. ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ, როდესაც ახალგაზრდა ქალი მათგან მალულად, შუაღამისას სახლის უკან ჩაბნელებულ პლანტაციაში გავიდა და ბავშვი გააჩინა.
ჩვილი თხილის ბაღში მიატოვა და უკან დაბრუნდა. ღამის სამ საათზე ახალნამშობიარევ ქალს ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა.
ახალშობილი გოგონა პოლიციამ გაჩენიდან 4 საათის შემდეგ იპოვა. დედამ სამართალდამცველებს არც კი მიანიშნა ადგილი, სადაც ჩვილი მიატოვა. თხილის ბაღში ბავშვის საძებრად მისულებმა ტირილის ხმა გაიგეს და ასე მიაგნეს ახალშობილს. პოლიციამ ჩვილი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ნახა.
ქალს, რომელსაც ჩვილის განსაცდელში მიტოვებისთვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელოდება, 9 წლის შვილი ჰყავს. იგი მარტოხელა დედაა და სოციალურად დაუცველ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ოჯახმა ქალის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.
დედის მიერ მიტოვებული ბავშვი ოზურგეთის საავადმყოფოდან ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ავტორი: ლადო მენაბდე.