18 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
გარდაბანში სამშენებლო სამუშაოებისას დაშავებული მუშა კომატოზურ მდგომარეობაში რჩება

გარდაბანში, სოფელ ლემშვენიეროში სამშენებლო სამუშაოებისას დაშავებული მუშა კომატოზურ მდგომარეობაში რჩება. ის ამ დრომდე ქართულ ჰოლანდიურ ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.

იოსებ ჩაჩავას თავში ამწედან ჩამოვარდნილი წყლის მილი დაეცა. ოჯახის წევრების თქმით, ექიმები იმედს ვერ აძლევენ, რომ დაშავებულის გადარჩენას შეძლებენ.

"კრიტიკულ მდგომარეობაშია, სიცოცხლისთვის იბრძვის, ქალა-ტვინის მოტეხილობა აქვს, შუბლის ძვალი დაშლილი აქვს, ტვინში სისხლჩაქცევები, შუბლი შეშუპებული, ტვინი შეშუპებული და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. იმედსაც ვერ გვაძლევენ, რომ გადარჩება და ცოცხალი იქნება", - ამბობს დაშავებული მუშის შვილი. 

ოჯახის თქმით, სამშენებლო მოედანზე მუშა სპეციალური ჩაფხუტის გარეშე მუშაობდა და მიმდინარე პროცესს არც უშუალო ზედამხდველი არ ესწრებოდა.

"ობიექტი იყო მერიის თუ გამგეობის დაქვემდებარებაში, სოფლებს უნდა ჰქონოდა წყალმომარაგება, რაიმე უზრუნველყოფა, რომ დამცავი საშუალებები ან რაიმე უსაფრთხოება ყველაფერი ნული იყო. ვისაც ებარა, პრარაბს, ადგილზე არ ბრძანდებოდა. უსაფრთხოება ვისაც უნდა უზრუნველყო, მოვითხოვ, რომ იმათი პასუხისმგებლობა იყოს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევა არის ასეთი, რომ ადამიანები ყოველგვარი უსაფრთხოების გარეშე იღუპებიან", - განაცხადა ჩაჩავამ.

კომპანიის წარმომადგენელი, ჯიმშერ პაპავა ამბობს, რომ სამუშაოები მის გარეშე დაიწყეს და მუშის დაშავების შემდეგ მივიდა ის.

„თვითნებურად დაიწყეს მუშაობა, მიზეზი მოიგონეს, რომ გვეჩქარება და ჩქარა გავაკეთოთ... მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე, რატომ არ დამიცადეს. დამირეკა რომ ჩამოვედიო, კრანი არ არის მოსულიო, დილას მყავდა კრანი დაბარებული, ვუთხარი მუშებს გამოვიყვან და მოვალ მეთქი. მივედი და ეს უკვე მომხდარი იყო“, - ამბობს ჯიმშერ პაპავა.

დღის ამბები