ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში კარადა ჩააშენეს. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კარადა სავარაუდოდ, მრველმა თვითნებურად დაამონტაჟა. უწყებას ინფორმაცია სამოქალაქო პირებმა მიაწოდეს.
„სამოქალაქო პირების შეტყობინების საფუძველზე სოფ. ტიმოთესუბნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსზე მორიგი უნებართვო ქმედება გამოვლინდა. საზოგადოების რიგითი წევრების მიერ მთავარ ტაძარში თანამედროვე სამშენებლო მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურადაა დამონტაჟებული. მოწოდებული ფოტომასალაზე სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარესთან სრულ შეუსაბამობაშია და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, საპატრიარქო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა.
სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ტიმოთესუბამში 20 აგვისტოს ჩავა.
„სამუშაო ჯგუფის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების ზეგავლენის ხარისხს შეისწავლიან და ადგილობრივ სასულიერო პირებს მის დემონტაჟს მოსთხოვენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.