საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩებიან. გაათავისუფლებენ თუ არა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულ 8 მოქალაქეს, ეს დღეს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლო მათ წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ყველა დაკავებული გუშინ სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მათი ოჯახის წევრებს კი ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია გატაცებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
დეფაქტო ხელისუფლება რვავე დაკავებულს, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. არ არის გამორიცხული მათ ჯარიმის გადახდა დაეკისროთ.
„მე არაფერი არ ვიცი გარდა იმისა, რომ ბავშვი გავიდა და აღარ მოსულა. ყველა გვეუბნება, რომ ნუ გეშინიათ ყველაფერი კარგად იქნება. მე არავინ არ მყავს იქით. გუშინ დარეკვა სცადეს და გადიოდა და მერე აღარ,“-ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის, კობა ვარდანაშვილის დედა ელენე ვარდანაშვილი.