ტრაგედია სანაკი–თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე - 25 წლის ვალერი თუთიაშვილი და 21 წლის შოთა მაჩიტიძე ავტოავარიას ემსხვერპლნენ. ავტომობილი ჯერ ამობრუნდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. ახალგაზრდებმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლეს. ავტომობილი აფეთქებამდე, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლიც დღეს საზარელი ავარიის დეტალებს „კურიერს“ უყვება. ამბობს, რომ ავტომობილმა წონასწორობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ასფალტზე ამოტეხილ ორმოში ჩავარდა.
ახალგაზრდებთან ერთად ავტომობილში კიდევ ერთი მგზავრი იჯდა, რომელიც მანქანის გადმობრუნებისას გადმოვარდა. ის ამ დრომდე, საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში რჩება. დაშავდნენ მეორე ავტომობილში მყოფი მგზავრებიც, რომელთა გამოყვანა თვითმხილველებმა მოახერხეს.
იქ, სადაც ავარია მოხდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაზიანებული გზა ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი რამდენიმე დღის წინაც გახდა. თუმცა, ამის მიუხედავად, გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები ტერიტორიაზე არ დაუდგამთ.
ტრაგედიის ადგილას კი ასფალტის დაგება გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევიდან, რამდენიმე საათში დაიწყეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოძიების დასრულებას ელოდებიან, თუმცა განმარტავენ, რომ გზაზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.
ავტორი: ემა გოგოხია.