18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
გარანტიები, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა დარჩა განცხადებებად - სამოქალაქო საზოგადოება პაატა სალიას განცხადებას ეხმაურება

"მიზანია სწორედ ის, რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე,"-ასე ეხმაურება სამოქალაქო საზოგადოება "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსისა და წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების გათავისუფლებას. 

ეკა გიგაურის განცხადებით, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს და ის აღარ იყოს კრიტიკული.

"ყველას გვახსოვს, რომ არხის ახალი მფლობელი საუბრობდა იმაზე, რომ შეეხებოდა მხოლოდ აღმასრულებელ დირექტორს და სხვას არავის. იგი ასევე საზოგადოებას გარანტიებს აძლევდა, რომ არ შეიცვლებოდა არხის  კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

"ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ განცხადებად დარჩა. ვხედავთ, რომ წამყვან თანამდებობებზე მყოფ ჟურნალისტებს, მაშინვე როგორც კი მოუნდა შეეხო, ეს ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ მას არ მოსწონს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც არხზე არის. მიზანი ხომ არა ვინმეს სამართლიანობისა და უფლების აღდგენა იყო, მიზანი იყო სწორე დის რომ ამ არხს არ ჰქონოდა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა.

"რა თქმა უნდა, ის ეჭვები გამართლდა რაც თავიდანვე გვქონდა და ცხადია, რომ არამხოლოდ ნოდართან, სხვებთანაც იქნება მსგავსი კომუნიკაცია და მიზანი იქნება სწორედ ის რომ არაფერი კრიტიკული არ თქვათ ამ მთავრობაზე. არ ისაუბროთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაზე, არ ისაუბროთ გამდიდრებულ ჩინოვნიკებზე და ა.შ.“- აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, არავის სჯეროდა არხის ახალი ხელმძღვანელობის დაპირება, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებოდა. 

„ეს ასევე არის გზავნილი სხვა ჟურნალისტისთვის და სხვა თანამშრომლისთვის, რომ აი, ყველაზე ცნობილი სახეებიც კი არ არიან დაცული და შესაბამისად ეს არის გზავნილი ყველასთვის, რომ უნდა დამორჩილდეს ჟურნალისტი ახალ მფლობელს, ახალ მენეჯმენტს და ეს შესაბამისად აისახოს სარედაქციო პოლიტიკაზე. რაზეც საუბრობდა ყველა, იმ სცენართან გვაქვს საქმე, რომ ახალი სეზონის წინ მცდელობა იმისა,რომ რიგი პირები ჩამოშორდნენ არხს და გარკვეულწილად ეს აისახოს გადაცემებზე და სარედაქციო პოლიტიკაზეც, “-აცხადებს მიხეილ ბენიძე.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ძველიშვილი ამბობს, რომ "რუსთავი 2-ის" კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ნიშანი და დადასტურება არის ის, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანები არხიდან გაუშვეს.

„რუსთავი 2“ ინარჩუნებდა კრიტიკულ ტონს, ვფიქრობ ეს მაჩვენებელი შემცირდება სექტემბრიდან. სექტემბერში ალბათ გვექნება პირველი ნიშნები, რა შეიცვალა ნოდარ მელაძის წასვლისა და იმ სახეების წასვლის შემდეგ ვისი გაშვებაც  დღეს დაანონსდა,“-ამბობს ძველიშვილი.

დღის ამბები