"საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის - მსგავსი განცხადება, შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ის გამოეხმაურა რუსეთიდან საქართველის ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი განცხადებებს, რომ საქართველომ, შესაძლოა, მისი თაოსნობით პირდაპირი დიალოგი დაამყაროს მოსკოვთან. მეთიუ ბრაიზას თქმით, მსგავსი განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის და შესაძლოა, რუსეთის მიზანია, კონცენტრირება სხვა საკითხზე მოხდეს, ვიდრე იმაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა.
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ აქ, საქართველოში პოლიტიკოსის პოლიტიკური სიჯანსაღისთვის ცუდია, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ ის კარგი პირი იქნება პირდაპირი დიალოგის წარმართვისთვის. ეს უამრავ ეჭვს აჩენს ამ პოლიტიკურ ლიდერზე და მის სანდოობას რთულს ან შეუძლებელს ხდის. მსგავსი განცხადება შეიძლება, „სიკვდილის კოცნა“ იყოს. შესაძლოა, სწორედ ესაა რუსეთის გეგმები - რომ ქართული პოლიტიკური კურსი არიოს. ეს არ უკავშირდება იმას, რომ მათ მოსწონთ პრემიერ-მინისტრი ან ივანიშვილი, არამედ სურთ, რომ ყველას მსგავსი კითხვები გაგვიჩნდეს და ფოკუსირება მოვახდინოთ რაღაც სხვაზე, ვიდრე იმის დანახვაზე, თუ რა არის ამ ყველაფრის მიღმა - რომ რუსეთი ცდილობს, მოახდინოს პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია, წაახალისოს ექსტრემიზმი, წაახალისოს ადამიანები ერთმანეთთან ბრძოლისკენ, რათა ისინი დემოკრატიულად ვერ განვითარდნენ, იმ მიზნით, რომ ამ ქვეყნის მანიპულირება იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"