რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ზახაროვა აცხადებს, რომ დასავლეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის რუსეთზე დესტაბილიზაციას ახდენს.
„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით დასავლელი ოფიციალური პირებისა და დასავლური მედიისგან მომდინარე აგრესიულ რიტორიკას, რომელიც სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებსა და რეალიებს უკავშირდება. ჩვენი დასავლელი, განსაკუთრებით, ამერიკელი კოლეგები დაჟინებით აგრძელებენ რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დადანაშაულებას. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ამიერკავკასიაში, პირიქით ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზირებისათვის. თუკი კონკრეტული ფაქტების შესახებ ვილაპარაკებთ, ვხედავთ, როგორ ამარაგებენ საქართველოს იარაღით, ითრევენ სამხედრო ბლოკებში. ამასთან, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამის მიზეზად ამ სახელმწიფოსა და მთლიანად რეგიონის რაღაც სტაბილურობის მხარდაჭერა მოჰყავთ და მუდმივად რუსულ ოკუპაციაზე საუბრობენ.”- განაცხადა მარია ზახაროვამ.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ზახაროვას განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს და აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლება და დემოკრატია არ არსებობს. ქეთვან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ პრობლემებზე, რომელიც ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს. მისი თქმით, ამ დრომდე პრობლემები აქვთ ოჯახებს, რომლებიც ოკუპაციის გამო ორად არიან გაყოფილნი.
"სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ შედგა დემოკრატია და რაიმე დამოუკიდებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი არც შეიძლება. მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე, მათი დამოკიდებულების ხარისხი არის ძალიან მაღალი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, იმ სახელმწიფოზე, რომელიც ახორციელებს იქ ეფექტურ კონტროლს. თუ საუბარია ჩასვლაზე იქ უნდა შეუშვან ის საერთაშორისო ადამიანის უფლებების მექანიზმები, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, უსაფრთხოების მექანიზმები, რომელთაც არ აქვთ წვდომა წლების განმავლობაში და საერთოდ დავიწყოთ ოჯახებით, რომლებიც არიან გაყოფილი და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უნდა იქნას უზრუნველყოფილი ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია." - აცხადებს, ქეთევან ციხელაშვილი.