18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
სამთავრობო ავტოპარკის შენახვა 128 მილიონ ლარზე მეტი ჯდება 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის განმავლობაში, ავტომობილების შენახვისთვის 128 მილიონ 250 ათას 392 ლარი დაიხარჯა. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საკუთრებაში 16,189 ავტომობილი ირიცხებოდა.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომობილების შეძენა აკრძალული აქვთ. 

აღნიშნული ავტომობილების განაწილება უწყებების მიხედვით ასეთია: 

აღმასრულებელი ხელისუფლება -  13,226 ავტომობილი, ხარჯი 103,423,792 ლარი;
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები - 2,171 ავტომობილი, ხარჯი 16,961,776 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა -  337 ავტომობილი, ხარჯი 3,617,028 ლარი;
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა -  19 ავტომობილი, ხარჯი 313,316 ლარი;
ორგანიზაციები, რომლებზეც არ გავრცელდა N121 დადგენილება - 436 ავტომობილი, ხარჯი 3,934,480 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა დარღვევები საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. 

"საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები აუდიტის შედეგად ავტომობილების მიერ მოხმარებულ საწვავთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი ნაკლოვანებები: 

აუდიტით შესწავლილი 34 ორგანიზაციების მიერ, საწვავის ლიმიტების განსაზღვრის წინაპირობები არ არის ჩამოყალიბებული;  

შერჩეული 8 ორგანიზაციის 33 ავტომობილიდან, განხორციელდა 17 ერთეული ავტომობილის შემოწმება საწვავის ავზის ზუსტი ტევადობის დასადგენად, საიდანაც 8 შემთხვევაში დადასტურდა აგაის მონაცემებით დაფიქსირებული ოდენობის საწვავის ჩასხმის შესაძლებლობა, 9 შემთხვევაში ვერ დადასტურდა, ხოლო 16 ავტომობილი არ გამოცხადდა შესამოწმებლად; 

12 ორგანიზაციაში გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების შვებულებაში/მივლინებაში ყოფნის პერიოდში, ხდებოდა ავტომობილების ექსპლოატაცია. აუდიტის ობიექტებიდან (შსს-ს სტრუქტურული ერთეულები) მიღებული განმარტებით, მოხელის შვებულებაში ყოფნისას ავტომობილით სარგებლობა აიხსნება სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ხშირად ხდება საჭირო, უმოკლეს დროში შვებულებისას მოხელის გამოძახება, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს − შვებულების პერიოდშიც ესარგებლა სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს;

შესწავლილი 34 ორგანიზაციიდან 6-ში, გარდა სამსახურებრივი მანქანებისა, კანონმდებლობის შესაბამისად, საწვავის ლიმიტი დაწესებული იყო თანამშრომლების პირად მანქანებზე. თუმცა, დაუსაბუთებელია კონკრეტულ თანამშრომელზე საწვავის ლიმიტის საჭიროება და რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები,"- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. 

აუდიტის სამსახური მთავრობას 9 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის არის:

რეკომენდაცია − სახელმწიფო კომისიას საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით, N121 დადგენილებით განისაზღვროს მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს დაავალდებულებს, შეიმუშაონ საწვავის ლიმიტის გაანგარიშების წესი, რაც, თავის მხრივ, დაფუძნებული იქნება თვის განმავლობაში ავტომობილის მიერ სამსახურებრივი დანიშნულებისთვის გასავლელ საშუალო მანძილსა და ავტომობილის წვის ნორმაზე.

რეკომენდაცია − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო ავტოპარკზე საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შესყიდვის ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შემდეგი მოთხოვნები მომსახურე კომპანიის მიმართ: მომსახურე კომპანიის მიერ საწვავით გამართვისას მოხდეს ჩიპზე არსებული ინფორმაციის იდენტიფიცირება შესაბამის ავტომანქანასთან;

აგაის სისტემის მეშვეობით საწვავის შესყიდვისას მომწოდებელი კომპანიის მიერ ჩიპი (მეხსიერების ბარათი) მონტაჟდებოდეს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოხსნა და გადაადგილება მომსახურე კომპანიის ნებართვის გარეშე; ხელშეკრულებით დარეგულირდეს ზემოხსენებული მოთხოვნების შეუსრულებლობაზე შესაბამისი სანქციები (ჯარიმა).

რეკომენდაცია − სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, ორგანიზაციებმა გარკვეული ინტენსივობით განახორციელონ ავტომობილებზე დამონტაჟებული ჩიპების მთლიანობის მონიტორინგი.

რეკომენდაცია − სახელმწიფო კომისიას და ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს შვებულება-მივლინების პერიოდში თანამშრომლებზე განპიროვნებული ავტომობილების გამოყენების მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით, ორგანიზაციებმა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით, დანერგონ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქონებისა და სხვა რესურსების მიზნობრივ გამოყენებას. ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმიანობის შეუფერხებლად და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განახორციელონ ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, გარკვეული გამონაკლისების დასაშვებად, რომელიც შესაძლებელს გახდის და დაადგენს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება ისარგებლოს განპიროვნებული ავტომობილით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ან მივლინებაში ყოფნის მიუხედავად.


რეკომენდაცია − სახელმწიფო ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, თანამშრომლების პირად ავტომობილებზე საწვავი გაიცეს დასაბუთებულად, კონკრეტული სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და განხორციელდეს სათანადო აღრიცხვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც განმარტებული იქნება საწვავის გაცემის მიზნობრიობა და ოდენობა.

წყაროbm.ge 

 

 

 

დღის ამბები