თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან "პიქსელის" შენობამდე გზა 16 სექტემბრიდან განახლდება. ილია ჭავჭავაძის გამზირზე, გუშინ ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგო, ასევე ასფალტის საფარი ასევე იგება კეკელიძისა და მირცხულავას ქუჩებზე.
რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთისა ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს. ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან. შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე შეუხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.