ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სკოლის კომპლექსი აშენდება. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ლისის ტბაზე ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩადეს.
„ამ სკოლის საშუალებით ახალგაზრდებს შეუძლიათ როგორც ენების, ასევე სხვადასხვა კულტურის შესწავლა. ჩვენ ამ მიმართულებით უნიკალური პროგრამა დავაფუძნეთ, ისინი აქ მიიღებენ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებას, უკეთ შეძლებენ ევროკავშირის გაგებას და აღმოსავლეთ პარტნიორობაში მის მნიშვნელობას. საქართველო ამ გზით ევროპული იდეის მხარდაჭერის დემონსტრირებას ახდენს, საქართველო ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია და პრემიერის დღეს აქ ყოფნა ამ ახლო პარტნიორობის დასტურია. ჩვენი მხარდაჭერა ამ ტიპის სკოლების შექმნით გამოიხატება. ჩვენი დევიზია -ერთად ყოფნა გვაძლიერებს. ასეთი ურთიერთობების შედეგად საბოლოოდ ძლიერდება თქვენი ქვეყანა, საზოგადოება და ევროკავშირი“ - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავის განცხადებაში ევროპული სკოლის მნიშვნელობზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, საშუალო განათლების სტანდარტების დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ბოლოს და ბოლოს, ეს ის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც ამ სკოლის დასრულების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებენ როგორც განათლების, ასევე ფასეულობებით ევროპულ სტანდარტს. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითი იმის, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის პარტნიორობა გრძელდება, ღრმავდება და რეალურ ნაბიჯებს ვდგამთ წინ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა აქვე მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და პირველკლასელებს წარმატებები უსურვა.
ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი უნდა აშენდეს. ევროპული სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს.
სკოლა სრულფასოვან ფუნქციონირებას 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს.