ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან "პიქსელის" შენობამდე მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. თბილისის მერის ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო მიმართულებაც. კალაძის თქმით, დღეს ღამით დაიწყება გამწვანებითი სამუშაოები, ბორდიურების და ტროტუარების მოწყობა.
„როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული და დავპირდით მოსახლეობას, 16-ში გაიხსნებოდა მოძრაობა ვარაზისხევიდან "პიქსელის" შენობამდე. აქ უკვე გზის საფარი ქვედა ფენებში მოწყობილი არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დამთავრებულია სამუშაოები, რა თქმა უნდა, გრძელდება. დღეს ღამე დაიწყება ბორდიურების მოწყობა, პარალელურად გამწვანებითი სამუშაოები და ტროტუარების მოწყობა, რომელიც როგორც ხედავთ აყრილია და მზადდება იმისთვის, რომ განახლებული ახალი ტროტუარები მოეწყოს. ასევე განათების ბოძები, თავისი ლედ განათებებით. მეორე ეტაპი, რომელიც უკვე "პიქსელიდან" რიგის ქუჩამდე გრძელდება, აქ უკვე "GWP" კვირის ბოლოს ამთავრებს თავის სამუშაოებს, გადიან ამ მონაკვეთიდან და უკვე საგზაო შედის და ანალოგიურად დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, ერისთავის, ბაზალეთის, აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
„ფალიაშვილის ქუჩიდან ჩამომსვლელი ქუჩები, ერისთავის ქუჩა და ბაზალეთის ქუჩა გავაცალმხრივეთ. ფალიაშვილიდან ჭავჭავაძის მიმართულებით საზოგადოების ტრანსპორტი გამოიყენებს ბაზალეთის ქუჩას, რომ მელიქიშვილის მიმართულებით გადაადგილდეს. შესაბამისად, ნაკადები როგორც აბაშიძის ქუჩიდან, ასევე ფალიაშვილის ქუჩიდან გადმონაწილებული იქნება ჭავჭავაძის ქუჩაზე. ჩვენ მოძრაობა დავტოვეთ გაცალმხრივებული როგორც ფალიაშვილზე, ასევე აბაშიძის ქუჩაზე,“ - აცხადებს მამუკა მუმლაძე.