სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სუროგაციის თემასთან დაკავშირებით მოქალაქეების პროტესტს განცხადებით ეხმაურება. იუსტიციის სახლთან დღეს აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილებმა იუსტიციის სახლი უკანონობაში დაადანაშაულეს. მათი განცხადებით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებისთვის დაბადების მოწმობა ამ დრომდე არ გაცემულა.
"ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან. სუროგაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფოს ვალია, ზედმიწევნით ზრუნავდეს გაყინული ემბრიონებით ან სუროგაციით დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენციაზე. სახელმწიფო, ბავშვთა უფლებების გარდა, ასევე იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული მესამე პირების (სუროგატული დედის, დონორის) ინტერესებსაც. ყველა ზემოხსენებული პრიორიტეტიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (და არა - იუსტიციის სახლი, როგორც ამას ზოგიერთი პირი აცხადებს) მკაცრად ითხოვს სამედიცინო კლინიკების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად დაცვას. მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 13 სექტემბერის ჩათვლით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქართველოს 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელებული სუროგაციის გზით დაბადებული, 26 ბავშვის დაბადება დაარეგისტრირა. ეს რეგისტრაციები შესაძლებელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ კლინიკების მიერ თითოეულ ამ შემთხვევაში დარღვეული იყო სუროგაციის განხორციელების ზოგიერთი ელემენტარული, კანონმდებლობით დადგენილი წესები. უკვე დაბადებული ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 8 სექტემბერს გამოიცა ბრძანება, რომლითაც დადგენილი იქნა გარდამავალი პერიოდი და „განაყოფიერებამდე დადებულ“ სუროგაციის ხელშეკრულებად ჩაითვალა განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის სუროგატული დედის სხეულში გადატანამდე ანუ „იმპლანტაციამდე დადებული“ ხელშეკრულება. სამწუხაროა, რომ გამარტივებული წესების პირობებშიც კი ერთ-ერთი კერძო კლინიკა დღემდე უარს აცხადებს, წარმოადგინოს უმარტივესი სამედიცინო ცნობები (მაგ. ემბრიონის შექმნის თარიღი, ემბრიონის გაყინვის თარიღი და სხვ.) და ამით უარს აცხადებს, შესაძლებელი გახადოს თავისი ზოგიერთი კლიენტისათვის ბავშვის დაბადების რეგისტრაციის დოკუმენტის მიღება. სანაცვლოდ, კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ღიად ახორციელებენ თავიანთი უცხოელი კლიენტების შეცდომაში შეყვანის მცდელობას საკუთარი ხარვეზების გადასაფარად და დროის რესურსს თბილისის იუსტიციის სახლთან პროტესტში ხარჯავენ. ისინი ამით თვალს უხვევენ საკუთარ კლიენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სუროგაციის შედეგად გაჩენილი ბავშვების მშობლები არიან. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბავშვთა უფლებების ეფექტიანად დაცვისა და ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სუროგაციის გზით დაბადებული თითოეული ბავშვის რეგისტრაცია დროულად განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამისი კლინიკის მიერ სრულყოფილად იქნება მოწოდებული კანონმდებლობით დადგენილი საბუთები, რის შესახებაც ზემოხსენებულ კლინიკასა და მის ხელმძღვანელს არაერთხელ ზეპირად და წერილობით განემარტათ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში" - ნათქვამია განცხადებაში.