"კურიერის" ინფორმაციით ზესტაფონში, გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები დღეს დილით, მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
ამ წუთებში, გარდაცვლილი ოჯახის საცხოვრებელ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.
თვითმხილველი აცხადებს, რომ ოჯახს ბინა ნაქირავები ჰქონდათ.
„სავარაუდო მიზეზი მოწამვლა CO-თი. არის ახალგაზრდა ქალბატონი 2 მცირეწლოვანი ბავშვით. შუადღის შემდეგ ბიძაშვილები მოვიდნენ და-ძმა და რომ ვერ დაუკავშირდნენ, ბავშვები ბაღში არ მიუყვანია დილით და მოიკითხეს. ფანჯრიდან ვერ გადავიდნენ, აივანზე კიბე მიუდგიათ ისე დაუნახავთ ფანჯრიდან, რომ უკვე ასეთი მდგომარეობა იყო. ნაქირავები ჰქონდათ, მდგმურები იყვნენ, ახალი გადმოსულები, ალბათ 1-2 კვირის, სავარაუდოდ ბაღისთვის ბავშვები გადმოიყვანა აქეთ,“ - ამბობს ნათია გუმელუკი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
„გარდაცვლილი არის დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი, სავარაუდოდ მიზეზი არის ბუნებრივი აირის ნამწვი. ზესტაფონელები არიან, აქ ნაქირავები ჰქონდათ ეს ბინა და სულ რამდენიმე ხნის გადმოსულები იყვნენ ამ ბინაში,“ - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.