18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
სს “თბილავიამშენი“-ს თანამშრომლები ისევ გაიფიცნენ

თბილისში “თბილავიამშენი“-ს გაფიცული თანამშრომლები კომპანიისგან კუთვნილი ხელფასისა და დანამატის დროულად გაცემას ითხოვენ. კომპანიაში დასაქმებული 120-მდე თანამშრომლის განცხადებით, ისინი არ იმუშავებენ მანამ, სანამ „თბილავიამშენი“ მათ სახელფასო დავალიანებას უახლოეს პერიოდში არ დაფარავს. მათი ინფორმაციით,  ისინი მიმდინარე წლის მარტშიც, იდენტური მოთხოვნის საფუძველზე გაიფიცნენ.

​აქციაზე შეკრებილებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი გოგიბერიძე შეხვდა, თუმცა, მოლაპარაკების პროცესი კამათის ფონზე წარიმართა და უშედეგოდ დასრულდა.

აღმასრულებელმა დირექტორმა გაფიცულ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათი სახელფასო დავალიანება არა მისი, არამედ გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხია.  თავის მხრივ გენერალური დირექტორი თეიმურაზ ბერიძე პასუხისმგებლობას, აღმასრულებელ დირექტორს აკისრებს.  საბოლოო ჯამში, კომპანიის ხელმძღვანელობამ, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს ვერ განუცხადა, თუ როდის მოხდება მათი სახელფასო დავალიანების დაფარვა.

კომპანიის ხელმძღვანელობასა და აქციაზე შეკრებილებს შორის სიტყვიერი კამათის შემდეგ, გაფიცულმა თანამშრომლებმა კიდევ ერთი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი კომპანიისგან აქციონერთა კრების მოწვევას ითხოვენ, რათა “თბილავიამშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გოგიბერიძემ თანამდებობა დატოვოს.

დღის ამბები