ხმაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - წევრებს შორის კამათი ეუთო/ოდირის დასკვნის განხილვას მოჰყვა. ანგარიშში ძირითად შენიშვნებად მიკერძოება და ნეპოტიზმი დასახელდა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში ყველა ის მანკიერი პრაქტიკაა ასახული, რომელიც საბჭომ მოსამართლეების შერჩევის პროცესში დაამკვიდრა.
"ყველა ის საკითხი, რაზეც მე მანამდე ვსაუბრობდი და ის გამოწვევა და ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც საბჭომ დაამკვიდრა ამ შერჩევის პროცესში, ასახულია ამ ანგარიშში, მაგალითად მოხვდა ის, რომ გიორგი მიქაუტაძე, რაზეც ბევრი სკეპტიკოსი სხვათა შორის არ საუბრობდა ღიად, სამი რეკომენდატორის ნაცვლად მიუთითა ორი და ეს არის გაკრიტიკებული ცხადია სწორედაც, იმიტომ არის ანგარიშში ეს თემა ასახული. ასევე ცოლის ძმის საკითხი, მაზლის საკითხი, საბჭოს წევრების, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო ძალიან ცალსახა. ასევე საუბარი არის ღვარძლიან დამოკიდებულებაზე საბჭოს წევრების მხრიდან, მტრულ დამოკიდებულებაზე, სექსისტურ გამონათქვამებზე და იმაზეც, რომ საბჭოს წევრები ხშირ შემთხვევაში დასცინოდნენ გამომსვლელებს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
დასკვნის განხილვისას საბჭოს სხდომაზე კვლევის ავტორების დასწრება მოითხოვა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, რასაც სხვა წევრებმა მწვავე რეპლიკებით უპასუხეს.
"ხშირად საუბრობენ, რომ ეს პროცესი იყო გამჭვირვალე. გამჭვირვალეობა თავისთავად, ადამიანი, რომ ცემონ ქუჩაში ძალიან დასანახი იქნება, გამჭვირვალე პროცესი იქნება, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს კარგი საქციელია?! ზუსტად იგივენაირად გამჭვირვალეობა, ფასეულობა, მხოლოდ იმისთვის არის, თუ მისი შინაარსი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი" - განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ დასკვნაში ბევრი საკითხი ცალმხრივად არის წარმოდგენილი.
"საბჭოს არ ჰქონდა ელემენტარულად საკმარისი დროც კი იმისთვის, რომ შენიშვნები დაეწერა სანამ ეს დასკვნა გამოქვეყნდებოდა და ჩვენ რამდენიმე საათი გვქონდა მხოლოდ, ძალიან მოცულობითი დოკუმენტის, უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტის გასაცნობად. მინდა გითხრათ, რომ არის ფაქტობრივი უზუსტობები და ძალიან ბევრი საკითხი არის მხოლოდ ცალმხრივად წარმოდგენილი ამ დასკვნაში, რაზეც ისაუბრებენ დღეს საბჭოს წევრები", - აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.