“ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე, რის გამოც საქართველოს პარლამენტის წევრმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ირმა ნადირაშვილი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს მივა.
"2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი. დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.
შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.