აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მისულ ადამიანებს მიმართა. რუხაძის განმარტებით, 20 ივნისის შემდეგ “ქართულ ოცნებასა“ და რუსეთის ხელისუფლებას შორის ზღვარი აღარ არსებობს. მისი განმარტებით, 20 ივნისს დაწყებული ბრძოლა ახლა მთავარ, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ასევე, აქციის ორგანიზატორმა განაცხადა, რომ 2020 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად განადგურდება.
“დღეს ზუსტად სამი თვე გავიდა იმის შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ხელისუფლების ხელით დაარბია მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია. თუ ადრე ამას აკეთებდა რუსეთი როდიონოვის ხელით, 20 ივნისს ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასა და ქართველი სპეცრაზმელების ხელით. სწორედ ამიტომ, 20 ივნისის შემდეგ ზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის არის ფაქტობრივად წაშლილი და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არიას არა პრორუსული, არამედ რუსული. სწორედ ამიტომ ბიძინა ივანიშვილი უდრის რუსეთს და თუ ჩვენ გვინდა ჩვენი პროდასავლური გზის გაგრძელება, მაშინ პირველ რიგში 2020 წელს უარი უნდა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებას. ეს არის მთავარი ამოცანა დღეს. ჩვენი ბრძოლა დაიწყო 20 ივნისს, რომელიც გრძელდებოდა 20 სექტემბრამდე და რომელიც გადამწყვეტ ფაზაში შევა ხვალიდან, რადგან დღეს იწყება ჩვენი ბრძოლის ახალი ფაზა, სადაც ბიძინა ივანიშვილს მივიყვანთ იმდენად დასუსტებულს, პოლიტიკურად განადგურებულს, რომ 2020 წელს სანატრელი ექნება აბსოლუტურად ყველა პროცენტი, რომელსაც ძალადობრივად იწერენ ყველა არჩევნებში, რომელიც ჩატარდა აქამდე. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს გავანდაგურებთ, თუ აქამდე სამიზნეები იყვნენ მონები, ისეთი მონები, როგორებიც არიან თალაკვაძე, ჩუგოშვილი და გახარია დღეიდან ჩვენი მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოიტანოს ყველა ხელისუფლებამ ქართული ოცნების შემდეგ არის ის, რომ ახალგაზრდებთან დაპირსპირებით წააგებთ და წააგებთ ძალიან მწარედ, ისე რომ გაგიჭირდებათ უკან მობრუნება - აღნიშნა, ნოდარ რუხაძემ.