პრეზიდენტის სადავო შეწყალებებს კიდევ ერთი საქმე დაემატა. ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულში ბრალდებული 25 წლის პირი შეიწყალა. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შეწყალების მასშტაბური ხარვეზები პროკურატურასთან ერთად, პოლიტიკოსებშიც ეჭვებს აჩენს.
პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი ოჯახისთვის მიცემულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც მან დაზარალებულის ვინაობის შესახებ არაფერი იცოდა, "ევროპული საქართველო" „ცინიკურს“ უწოდებს. ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
"კორუფციულ სამართალდარღვევას სჭირდება სერიოზული გამოძიება, ვინაიდან, ეს არის მათ შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
შეწყალების თემას ეხმაურება პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, რომელიც აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საზოგადოებისთვის უფრო მეტი დეტალი უნდა გახდეს ცნობილი, პროცედურის შედეგად როგორ მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეწყალების პროცესის დახვეწასა და ძირითად პრინციპებზე მუშაობის შესახებ უკვე გამოითქვა ინიციატივა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, შეწყალების სია ეტაპობრივად არ განხორციელებულა და ის ერთიანი აქტი იყო.