ხმაური პარლამენტში - მოსამართლეთა კანდიდატების განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს. გაუმჭვირვალე და მიკერძოებული, - ასე აფასებს დეპუტატთა ნაწილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.
უმრავლესობის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, პირველივე სხდომა უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს, პროცესი ფორმალიზებული და ზედაპირულია. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას, ბესელიას თქმით, ის მის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს:
"რა თქმა უნდა, არასოდეს არ მივცემ ხმას, ღიად ვამბობ ამას,"- განაცხადა ბესელიამ.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის თქმით, თამარ ალანია იმ სიიდან არის, რომელიც დეკემბერში "კლანმა შემოუგდო პარლამენტს". კახიძე კანდიდატის პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ ის ვერ ახერხებს ლევან მურუსიძისგან დისტანცირებას.
"ქალბატონი თამარი ვერ ახერხებს დისტანცირებას თავისი მეგობრისგან თუ თანამოაზრისგან, ლიდერად და აქტივისტად აღიარებს მურუსიძეს. ის არ არის შესაფერისი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსისთვის," - აღნიშნა ოთარ კახიძემ.
პროცესის მიმდინარეობაზე ოპონენტებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ყველა დეპუტატს მიეცა საშუალება, რომ კანდიდატისთვის შეკითხვა დაესვა. რაც შეეხება კანდიდატს, ოხანაშვილის შეფასებით, მას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა.
"კონკრეტულად რა გადაწყვეტილებას მივიღებ, დაველოდოთ მთლიანობაში პროცესს და მას შემდგომ, რაც 20-ვე კანდიდატს მოვუსმენთ, ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას."- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.