საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა ტყიბულში არსებული კრიზისული ვითარების განსახილველად.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, ტყიბულში არსებული სიტუაცია მძიმეა და სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს.
"აუცილებელია საზოგადოებამ და ინვესტორებმა გააცნობიერონ, რომ შახტები უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე მხოლოდ ბიზნესპროექტი და მეტი ძალისხმევა და ყველა რესურსის გამოყენებაა საჭირო სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან, რათა ქალაქმა შეინარჩუნოს სიცოცხლე. აღმაშფოთებელია მეშახტეებისთვის იმ მიზერული ხელფასის დამადლება, რომელსაც წელიწადია იძულებითი უმუშევრობის პირობებში იღებენ, თუმცა ეს თანხაც არაა საკმარისი მათი ოჯახების გამოსაკვებად. ხელფასის ყოველი გადაცილებული დღე ტყიბულისთვის ტრაგედიაა, კომპანია კი უკვე სამი კვირაა, ვერ უზრუნველყოფს თანხის გადახდას, რაც სერიოზული უპასუხისმგებლობაა," - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტყიბულში მეშახტეების აქცია ორი დღეა მიმდინარეობს. ტყიბულის მერიის წინ საპროტესტო აქცია ხვალ დილამდე შეწყდა, თუმცა შახტებში 30-მდე მეშახტე რჩება და შიმშილობას აგრძელებს.