18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
სკანდალური სიის რეკომენდატორები

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, ამ თემის განხილვა არ წყდება.  

შეწყალებულთა რეკომენდატორების გამჟღავნება აქტის ხელმოწერიდან მალევე დაიწყო. 
პირველი, ვისთან დაკავშირებითაც ეჭვები გამოითქვა, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო, თუმცა მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა სამსახურზე გააკეთა აქცენტი.


მთავარი საგამოძიებო უწყება დიმიტრი გაბუნიამ ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. მან გაუთქმელობის ხელწერილის გამო მიცემული ჩვენების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ შეწყალების საქმეში დამნაშავე პირები უმკაცრესად დასჯის მომხრეა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოძიების დაწყებას ითხოვს იმ პირების მიმართაც, რომლებმაც შეწყალების საქმეზე ის რეკომენდატორად დაასახელეს. ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც გაბუნია სარჩელს შეიტანს, "ევროპული საქართველოს"  წევრი ირმა ნადირაშვილია.

ადმინისტრაციის თანამშრომლების გარდა შეწყალებულთა რეკომენდატორებს შორის დასახელდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტიც. “კურიერთან“ საუბარში გეგა გეგეშიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულის გათავისუფლებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

შეწყალების პროცესში ჭიდაობის ფედერაციის ჩარევას უარყოფს პოლიციელის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძის დედაც, თუმცა ადასტურებს, რომ მისი შვილის გათავისუფლებას სპორტსმენები მხარს უჭერდნენ.

ვინ იყო ჩართული შეწყალების სიის შედგენის პროცესში, ამის გარკვევას გამოძიება ცდილობს. 26 სექტემბერს პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთ წარმომადგენელს ელოდებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი ადმინისტრაციაში შეწყალების დეპარტამენტს კურირებს. სწორედ მას შეაქვს ხელმოსაწერად სალომე ზურაბიშვილთან შეწყალების აქტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერვე გავრცელებულ კადრებში.

ავტორი: ნათია მღებრიშვილი

დღის ამბები