18 ნოემბერი 2024,   01:26
ვრცლად
მოსამართლეთა რჩეული ოცეული

საქართველოს უზენაეს სასამართლოს უვადოდ დანიშნული 28 მოსამართლე ეყოლება. საზოგადოებაში, ისევე როგორც სფეროს სპეციალისტებში კითხვები, როგორც მოსამართლეების რაოდენობასთან, ასევე  კანდიდატების რეპუტაციასთან დაკავშირებითაც არსებობს.

კანდიდატთა ოცეულში  სასამართლო სისტემის 18 მოქმედი ან ყოფილი წარმომადგენელია, 2 კი გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შალვა თადუმაძე განიხილება. თადუმაძე  წარსულში "ქართუ ბანკის" იურისტი მოგვიანებით "ქართული ოცნების" მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსი იყო, ბოლოს კი გენერალური პროკურორი. მამუკა ვასაძე დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილეა.

ოცეულში არიან ისეთი კანდიდატებიც, რომლებიც გავლენიანი მოსამართლეების, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანად იწოდებიან. გიორგი მიქაუტაძე, საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე, პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მიქაუტაძე, გარდა ჩინჩალაძე-მურუსიძისა, პარლამენტის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ახლო გარემოცვადაც სახელდება. შოთა გეწაძე  სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. საზოგადოებას ის მოსამართლეების კრიტიკის დასაშვები ზღვრის ამოქმედების მოთხოვნით დაამახსოვრდა. გეწაძის გახმაურებული გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და კადიევის საქმე იყო. მერაბ გაბინაშვილი საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

ოცეულში ასევე არის ლალი ფაფიაშვილი. ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, საზოგადოებას ის "რუსთავი 2- ის", უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმიდან ახსოვს.

თამარ ალანია სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. ალანიას გახმაურებული გადაწყვეტილება იყო გვანცა ყუფარაძის საქმე, რომელიც ევროსასამართლომაც განიხილა. სტრასბურგში საქმე "ყუფარაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ"  სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილი სიის სუბიექტურად დაკომპლექტებაზე საუბრობს. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ოცეულს სისტემის მიერ შემოწმებულ და ერთგულ კანდიდატებს უწოდებენ. მათი თქმით, ოცნება მოვიდა დაპირებით, რომ სისტემა უნდა დანგრეულიყო, თუმცა სწორედ ამ მანკიერი სისტემის ერთგული ადამიანებით ავსებს სასამართლოებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები სიის დაკომპლექტების პრინციპში პრობლემას ვერ ხედავენ. მათი შეფასებით შერჩეულ ოცეულში საუკეთესო კანდიდატები არიან.

სიის დაკომპლექტების პროცესს აკვირდებოდა არასამთავრობო სექტორიც. მათი შეფასებით არსებული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში თანამდებობები ხელისუფლებამ  და კლანმა გაიყო,  ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.

დღის ამბები