18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელით მსოფლიოს ლიდერებს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიმართა

სანამ საქართველოში შეწყალების სკანდალი არ ცხრება, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელით მსოფლიოს ლიდერებს გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიმართავს. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრა, მანამდე 5 წლის განმავლობაში ამ მისიას პრემიერ-მინისტრები ასრულებდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა ლიდერებს რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. საოკუპაციო პრობლემის გადაჭრის გზები უკვე რამდენიმე დღეა შეხვედრების მთავარ თემად რჩება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაუმჯობესების კონტექსტშიც. თავის მხრივ კი გაეროს 74-ე გენერალური ასამბლეის მთავარი თემა მსოფლიოში სიღარიბის დაძლევა, ხარისხიანი განათლება და კლიმატური ცვლილებებია.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა ნიუ-იორკში, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქართველოს პრეზიდენტმა მთავარი აქცენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კლიმატზე გააკეთა. 28 წუთიანი გამოსვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსულ ოკუპაციაზე საუბარს დაეთმო. 200-მდე ქვეყნის ლიდერს სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა ის დესტრუქციული ქმედებები, რასაც კრემლი ყოველდღიურად საქართველოს წინააღმდეგ დგამს.

"დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც  ადმინისტრაციულ  საზღვართან ცხოვრობენ.  ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს  აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას.

"მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს. მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამიპაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული დელეგაციის პარტნიორ ქვეყანაში გამგზავრებამდე კარგად იყო ცნობილი მთავარი მისია. პირველი  საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება რუსული აგრესიის შესაკავებლად იყო და მეორე იმ გზების ძიება, რაც დეოკუპაციის პროცესს დააჩქარებს ჟენევის მოლაპარაკებებისთვის ახალი ბიძგის მიცემით. ბუნებრივია სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას ეს თემები იყო ასახული. მან ხაზი გაუსვა ასევე სამშვიდობო პოლიტიკასაც, რასაც ქვეყანამ ახორციელებს.

"ომის ტრაგედიაზე ჩვენი პასუხი მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს. ჩვენი პასუხი ითვალისწინებდა ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებასა და  და განვითარების უზრუნველყოფას. ეს ყოველივე მიღწეული იყო იმის შედეგად, რომ ჩვენ ვასრულებთ გაცემულ პირობას  და პატივს ვცემთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის მახლობლად არანაირი სამხედრო ძალები არ გვყავს განთავსებული. აგრეთვე საქართველომ ცალმხრივად  თქვა უარი ძალის გამოყენებაზე.

ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს შესაძლებლობებით და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღის ამბები