მინდელის შახტის ადმინისტრაციის შენობაში საქნახშირის წარმომადგენლებს და მეშახტეებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხვდება. შეხვედრაზე მეშახტეების მოთხოვნებს განიხილავენ. მინდელის შახტში მყოფი მეშახტეების ნაწილი ეკონომიკის მინისტრთან შესახვედრად ამოვიდა. როგორც მათთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა ხელისუფლება მუშაობას, რომ მოთხოვნები უმოკლეს დროში იყოს დაკმაყოფილებული.
"მეშახტე შახტში პროტესტის ნიშნად კი არა სამუშაოდ უნდა ჩადიოდეს. ჩვენ მოვედით, რომ გავეცნოთ თქვენს მოთხოვნებს. მე დარწმუნებული ვარ ერთობლივად მოვნახავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. პირველ რიგში ეს ბიზნესის ვალდებულებაა, მაგრამ თუ ბიზნესი მიზეზთა გამო ვალდებულებას ვერ ასრულებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ერთად მოვნახოთ მისაღები გამოსავალი.
ადამიანებს უნდა ქონდეთ უსაფრთხო პირობები და ამ კითხვაზე მინდა პასუხი მოვისმინო. როდის იქნება დავალიანება გასტუმრებული და როდის აღდგება მოპოვება. გვინდა, გეგმა მოვისმინოთ მათ შორის მოდერნიზაციაზე "- განაცხადა შეხვედრაზე ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ჯგუფთან, მათ მოძიებული ჰყავთ ინვესტორი. მისი ინფორმაციით ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები. მეშახტეების განცხადებით, თუ ორივე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა პროტესტის ნიშნად შახტში დაბრუნდებიან.