18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
"ჩემს მოთმინებას ნუ ამოწმებთ... თქვენნაირი გოგლი-მოგლიჭამია ბიჭები" - დაპირისპირება ბესელიასა და ოხანაშვილს შორის

იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელიც დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო შეწყვეტილი იყო, ცოტა ხნის წინ განახლდა. სხდომის დასაწყისში ანრი ოხანაშვილმა განცხადება გააკეთა მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტი რეგლამენტის შესაბამისად იმოქმედებს.  განცხადების გაკეთების დროს სხდომის დარბაზში არ იმყოფებოდა ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე ეკა ბესელია. დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ მასთან დაკავშირებით განცხადებები მისი არყოფნის დროს არ გააკეთოს.

"თუ რამის თავი გაქვს, როცა აქ ვიქნები მაშინ გააკეთე კომენტარი"- მიმართა ბესელიამ ოხანაშვილს.

"სხდომის ჩაშლის მცდელობას თუ კიდევ ექნება ადგილი, გაფრთხილებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ დარბაზის დატოვება"- განაცხადა ოხანაშვილმა ბესელიას მისამართით.

შემდგომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეკა ბესელია განცხადების გაკეთების უფლების მიცემას ითხოვდა და მასსა და ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა:

"რომ მაფრთხილებ რა უნდა გააკეთო? გამიყვან ამ დარბაზიდან თუ რას გააკეთებ? მე გაფრთხილებ რომ მოიქეცი წესიერად. მე თუ გაფრთხილებ,  გამკეთებელი ვარ. არაფრის თავი რომ არა გაქვს ნუ იჯგიმები"- განაცხადა ბესელიამ.

საბოლოოდ მას განცხადების გაკეთების საშუალება მიეცა:

"პირველი რაც მინდა რომ გაფრთხილების სახით გითხრა პირადად შენ, რომელსაც მიჰყავს ეს სხდომა და ნუ დამიწყებ საუბარს, რომ თქვენობით მომმართე. კეთილი ინებე და უზრუნველყავი ისე, რომ ეს პროცესი წარიმართოს ნორმალურად... ან წაიყვან ამ პროცესს ნორმალურად, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ეს არ არის არც შენი პირადი, ან ვინმეს პირადი ამბავი, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. ამ მომავლისთვის იმდენი ვიბრძოლეთ ჩვენ, რომ აქამდე მოგიყვანეთ. მანდ რომ ზიხარ, ჩვენი დამსახურებით ზიხარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს მოთმინებას ნუ ამოწმებთ, ეს გაცილებით მეტია ვიდრე გგონიათ, არ ვაპირებ ასეთი პროვოკაციების მოთმენას."- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ან პროცესი ნორმალურად წარიმართება ან ის არ მისცემს საშუალებას რომ სხდომები ჩატარდეს.  ბესელია არც ქუჩის პროცესების დაწყებას გამორიცხავს.

"კეთილი ინებეთ და პროცესი წაიყვანეთ ისე, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს ამ პროცესების გარეთ გატანა, თორემ ძალიან მძიმედ დასრულდება ეს ამბავი. სასამართლოსთვის ბევრი წელი ვიბრძოლეთ და თქვენნაირი გოგლი-მოგლიჭამია ბიჭები, რომლებიც ჩირგვებში იმალებოდით...."- აღნიშნა ბესელიამ, თუმცა მან  განცხადების დასრულება ვერ შეძლო, სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა.

 

დღის ამბები