შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათი შუამავლობით გამართული რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს:
"შვეიცარიის შუამავლობით და ინიცირებით შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის. შეხვედრა გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში, 2019 წლის 26 სექტემბერს. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით დიდი ხნის გამოცდილება აქვს. 2009 წლის მარტიდან, ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს თბილისში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში."- აღნიშნულია განცხადებაში.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.