18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ლავროვთან შეხვედრამდე გვქონდა კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა:

„გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა ჩემი შეხვედრა გაეროს შტაბბინაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. უნდა აღინიშნოს რომ მთელი კვირის განმავლობაში პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილავდით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს, ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო და მკაცრი შეფასებები ამასთან დაკავშირებით, გარდა ამისა ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა ძირითად აქტორთან, მათ შორის აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ასევე გაეროს ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე მქონდა სერიოზული დისკუსია, თუ რა დამატებითი საშუალებები და მექანიზმები უნდა ამოქმედდეს იმისთვის რომ ეს პროცესი იყოს შეჩერებული. გუშინ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მქონდა შეხვედრა, სადაც იყო ინიცირებული მათი მხრიდან შესაძლებლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და ამ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან არის დაკავშირებული და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების ბორდერიზაციასთან, გვემსჯელა შეხვედრაზე, რომელიც დაორგანიზებული იქნებოდა შვეიცარიის მისიის მიერ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამაზე რა თქმა უნდა გვქონდა კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან პირველი შესაძლებლობა იქნებოდა ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი, ის მდგომარეობა, სიმართლე, რაც არის დაკავშირებული იქ შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან. მსჯელობის ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, რაც არის დაკავშირებული ჟენევის მოლაპარაკებებთან და იქ საქართველოს პოზიციებთან და ამ პოზიციასთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულებასთან. ბუნებრივია ვფიქრობ რომ ჩვენ ამ შეხვედრის შესახებ აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს პარტნიორებს და გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისკენ,“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები