ევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უვადო მოსამართლეების მხოლოდ აუცილებელი მინიმალური რაოდენობა დანიშნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა ევროპელების რეკომენდაცია, მას 20-დან მხოლოდ 5 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მოუწევს. საქართველოში ვიზიტის შემდეგ დელეგაციამ დასკვნა სტრასბურგიდან გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ თავის დროზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ევროსაბჭო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის პროცესს ღიად აკრიტიკებს და მთავარ პრობლემებად მოსამართლეების კვალიფიკაციას, ინტერესთა კონფლიქტს და შერჩევისას არსებულ ხარვეზებს ასახელებს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარი რეკომენდაციაა, 20 კაციანი სიიდან მხოლოდ რამდენიმე დამტკიცდეს. იმის გამო, რომ პროცესთან დაკაშირებით კითხვები არსებობს, ევროპელი პარტნიორები ახალი შემადგენლობის შერჩევაზე საუბრობენ. ამ საკითხს თვეებია აყენებს მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციების არ გათვალისწინება ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას თვეებია ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.
ოპოზიციაში იმედი არ აქვთ, რომ ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ხელისუფლება გაითვალისწინებს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქართულ ოცნებას სასამართლო სისტემაში გავლენების დათმობა არ უნდა.
ევროსაბჭოს ანგარიშში საგანგაშოს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. მოსამართლეთა კვალიფიკაციის კუთხით პრობლემების არსებობას, ქართულ ოცნებაში არ უარყოფენ.