თბილისსა და მოსკოვს შორის 11 წლიანი პაუზის შემდეგ დაწყებული დიალოგი დილიდან შეფასებების თემაა. არის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დამალა ხელისუფლებამ შეხვედრა, რატომ გაიგო ქართულმა საზოგადოებამ ინფორმაცია რუსული წყაროებით და რატომ არ დაიგეგმა თბილისში შიდა კონსულტაციები.
ექსპერტებს აინტერესებთ, ამ ფონზე რამდენად მკაფიო იყო ქართული მხარის გზავნილები.
რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, ამჟამად კი ”ალექსანდრე რონდელის ფონდის” მკვლევარი ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული რუსეთთან მოქმედების გეგმა:
"მე ვერავითარ ტრაგედიას ამ შეხვედრაში ვერ ვხედავ, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ეს მოვლენები გვიჩვენებს რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო ეს შეხვედრა. მე იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის რაიმე ახალი პროცესის დასაწყისი. უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ შეხვედრისთვის რუსეთის ფედერაცია მოვიდა უფრო მწყობრად და კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიით, ჩვენ ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული იმ მოქმედებების გეგმა, რომლითაც ჩვენ რუსეთთან უნდა ვიმოქმედოთ,"- განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას თქმით, ასეთ მოლაპარაკებებზე წასვლის დროს ძალიან მკაფიო სტრატეგია უნდა იყოს ჩამოყალიბებული:
"ვიცით, რომ ჩართული იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ შეხვედრის ორგანიზებაში, ამ შეხვედრას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი გამოეხმაურა. ალბათ არასწორია გვქონდეს მოლოდინი, რომ ამხელა კონფლიქტი და პროცესები ერთ შეხვედრაში შეიძლება გადაიჭრას, თუმცა, რა თქმა უნდა, რისკები ახლავს და მნიშვნელოვანია საზოგადოება იყოს ინფორმირებული, უშიშროების საბჭოს ფორმატი იქნება თუ სხვა დიალოგი. იყოს ძალიან მკაფიო მესიჯინგი, თუ რა მესიჯით ხვდება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი თუნდაც ლავროვს. ძალიან მკაფიო სტრატეგია უნდა გვქონდეს, როცა ასეთ მოლაპარაკებაზე მივდივართ, რა მოლოდინები გვაქვს, რა შედეგებს ველოდებით, რა შეიძლება მივიღოთ და რა შეიძლება დავთმოთ,"- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.