მე-11 დღეა დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მინისტრი ადგილზე იმყოფება, თუმცა მათთან შეხვედრა არ სურს. დევნილები თავშესაფრით უზრუნველყოფას და სამინისტროს წარმომადგენელთან სატელევიზიო დებატებს ითხოვენ. აქციის მონაწილეები მოთხოვნების შესასრულებლად მინისტრს ორდღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
"მეორე შაბათ-კვირაა, ჩვენი მცირეწლოვანი შვილებით ვიმყოფებით უმძიმეს პირობებში სამინისტროს შენობაში. ქალბატონ მინისტრს ორშაბათამდე ვაძლევთ გონივრულ ვადას დაუყოვნებლივ იქნას მოგვარებული ჩვენი პრობლემები. წარდგენილი ყველა საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პროტესტი შეიცვლის ფორმას და გახდება კიდევ უფრო უკიდურესი," - აცხადებს აქციის მონაწილე.
დევნილების მოთხოვნებს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. მისი თქმით, კონკრეტულ საკითხზე მიმდინარეობს კომისია.
"მსჯელობს ამ საკითხზე კომისია. კომისია მსჯელობს კრიტერიუმებიდან გამომდინარე, რომელი კრიტერიუმებიც შეადგინა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჩვენმა ხელისუფლებამ და ასევე ამაში იყო ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები. შესაბამისად, ვხელმძღვანელობთ ამ კრიტერიუმებით. ამ კრიტერიუმებში, რა თქმა უნდა, განსაზღვრული არის ისეთი პირებიც, რომლებსაც არ აქვთ თავშესაფარი და აუცილებელია მათი დაკმაყოფილება და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ისინი დაკმაყოფილდებიან," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.