ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლებას შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. საუბარია 20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია, ის რომ სასამართლომ სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა, თუმცა იგივე მდგომარეობაში მყოფი აქციის მონაწილეები პატიმრობაში დატოვა.
ოპოზიციის შეფასებით, 20 ივნისის ღამეზე ხელისუფლება პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე საუბრობს.
"მივიღეთ გახარია პრემიერ მინისტრად და განთავისუფლებული სპეცრაზმელები, რაც ბუნებრივია არის კლასიკური მაგალითი შერჩევითი სამართლისა. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესდებდნენ და ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ, დღეს ეს ადამიანები ციხეში არიან, ხოლო მთავარი დამნაშავეები უკვე გარეთ და ამავე დროს, თანამდებობის პირებად მოგვევლინნენ. ამიტომ, საზოგადოებისათვის ეს არის გამოწვევა და მათი აბუჩად აგდება და ამ გამოწვევას სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკური აქტივობით, იქნება ეს მოქალაქეები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ პოლიტიკური პარტიები," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარის მოადგილის, ლელა ქებურიას თქმით, სწორედ ის მიუთითებს შერჩევით სამართალზე, რომ სასამართლო ლევან ჯიქურის ჯანრთელობის მდგომარეობას არ ითვალისწინებს იმ ფონზე, როდესაც სპეცრაზმელი გაათავისუფლეს.
"როდესაც ერთის მხრივ პოლიციელს, რომელიც დაკავებულია სამსახურეობრივი გადაცდომისათვის და ძალის გადამეტებისათვის, ითვალისწინებენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო მეორე პარტიის შემთხვევაში, რომელიც დემონსტრაციის მოწმე იყო - ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება. ამ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იგივე სახის ღონისძიებას არ მიმართავს ეს არის მკაფიო შერჩევითი სამართალი," - განაცხადა ლელა ქებურიამ.
"ქართული ოცნება" ბრალდებებზე საპასუხოდ განმარტავს, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ დამოუკიდებლად მიიღო.
"ამაზე განმარტებები შესაძლოა გააკეთოს მხოლოდ სასამართლომ და სხვა ინტერპრეტაციები ამას პოლიტიკოსების მხრიდან ვერ ექნება. მეორე, როდესაც გათავისუფლებაზე ვსაუბრობთ, გათავისუფლება არის საკმაოდ პირობითი სიტყვა ეს არის, სინამდვილეში ეს არის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა ანუ ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება და სამართალწარმოება სპეცრაზმელის მიმართ არის შეწყვეტილი," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.