18 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
"რამდენი წელი გავიდა უკვე ბატონო ბიძინა? როდემდე ვიარო ასე ქუჩა-ქუჩა?" - ივანიშვილის სახლთან ბინათმშენებლობის დაზარალებულები შეიკრიბნენ

ბიძინა ივანიშვილის სახლთან - საპროტესტო ტრანსფარანტებით სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბინების მოლოდინში ისევ ქუჩაში არიან და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი ივანიშვილისგან მიცემული დაპირების შესრულებას ითხოვენ.

მარიჯანის ქუჩაზე ასაშენებელი ბინის მესაკუთრის თამარ ქოიავას თქმით, ისინი ვინმესგან დახმარებას კი არა, საკუთარ ქონებას ითხოვენ. დაპირება, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა, წლების წინ სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღეს.

"რომ მოდიოდით ხელისუფლებაში, მე თქვენ შემპირდით, რომ ჩემი სახლის ნახაზი და ბევრი სხვა დევნილის სახლის ნახაზი გქონდათ უკვე გაკეთებული, რამდენი წელი გავიდა უკვე ბატონო ბიძინა? სად არის ან ნახაზი ან ჩემი სახლი, ცენტრპოინტის დაზარალებული ვარ, როდემდე ვიარო ასე ქუჩა-ქუჩა? არანაირი დახმარება არც გვითხოვია, არც გვჭირდება, ჩვენი შეგვარგეთ, ჩვენი დაგვიბრუნეთ"- განაცხადა თამარ ქოიოავამ.

სააკაძეზე მდებარე მშენებლობის პრობლემის მოუგვარებლობაში მერიას ადანაშაულებს ბინათმშენებლობით დაზარალებული ნინო მანველიძე.

"9 თვის წინ, სწორედ ბატონი ბიძინას დავალებით ჩაერთო მერია ცენტრ პოინტის პრობლემის მოგვარებაში და დღემდე მას ჰგონია, რომ მერია მუშაობს ამ საკითხზე. მოყვანილი ინვესტორი M2 რომელიც პროკურატურამ მოიძია, მერიამ სვეტისკენ გადაამისამართა და იმის ნაცვლად რომ ინვესტორი შემოგვთავაზოს, პირადად ჩემს ობიექტს "სააკაძეს" ასეთი პასუხი მოგვცა, ისევ ცენტრპოინტი აგიშენებთო“- განაცხადა ნინო მანველიძემ.

დღის ამბები