ნიუ-იორკში გამართული სადავო დიალოგი მესამე დღეა განხილვის მთავარი თემაა. ჟენევა და თბილისი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის ინიციატორად შვეიცარიას ასახელებს, რუსმა დიპლომატმა კი ჩვეულ ტონალობაში თქვა, რომ კომუნიკაცია საქართველოს მოთხოვნით შედგა. ლავროვმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა, რომ აუდიენცია იმაზე მოკლე იყო, ვიდრე დიალოგის შემდეგ ზალკალიანის მიერ გაკეთებული განცხადებები.
კრემლის მორიგი ცინიკური ნაბიჯი თბილისში მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.
რუსეთის პირველმა დიპლომატმა სკანდალური განმარტებით, საქართველოსა და შვეიცარიის საგარეო უწყებების განცხადებები უარყო, სადაც ორივე უწყება ამბობს, რომ შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. ნიუ-იორკში, 12 წლიანი პაუზის შემდეგ კოლეგების კომუნიკაცია, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ერთი დღის დაგვიანებით შეაფასა. გაეროში გამართულ ბრიფინგზე სერგეი ლავროვმა ოფიციალურ თბილისს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზეც მიუთითა და ის ფასიც დაასახელა, რასაც ამის სანაცვლოდ კრემლი გადაიხდის.
რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებაში დიმიტრი შაშკინმა კრემლის საგარეო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ორივე მთავარი პრინციპი და ორი მკაფიო გზავნილიც ამოიკითხა. ნაციონალურ მოძრაობაში სერგეი ლავროვის გამოსვლაში არც ცინიკური ტონის დეფიციტი უგრძვნიათ.
გიორგი კანდელაკის თქმით, სერგეი ლავროვის განცხადება, შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით, არსებულ კითხვებს ამძაფრებს. "ევროპული საქართველო" განმარტებებს პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან ითხოვს.
ვინ მოითხოვა კომუნიკაცია? - აქცენტის ამ საკითხზე გაკეთება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს გია ვოლსკის არასწორად მიაჩნია. უმრავლესობისთვის ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ დიალოგი შედგა.
დიალოგი და დიპლომატია უალტერნატივოა საქართველოს პრეზიდენტისთვისაც. სალომე ზურაბიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას 2 დღის შემდეგ გამოეხმაურა. გაეროში ვიზიტის შეჯამებისას პრეზიდენტი აქცენტს პარტნიორების მხრიდან ზალკალიანი- ლავროვის შეხვედრის შეფასებებზე აკეთებს.
რუსეთის პირველი დიპლომატის ირონიული და ცინიკური ტონი არ უკვირთ ქართველ ექსპერტებს. ირონიის გარდა, ანალიტიკოსებმა სერგეი ლავროვის შეფასებაში ძალის დემონსტრირებაც დაინახეს. ექსპერტებმა ლავროვის განცხადებაში კრემლის მუდმივი სურვილიც ამოიკითხეს - ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში და შეასუსტოს დემოკრატია.
ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დიპლომატმა სავაჭროდ ძალიან იაფფასიანი თემა, - ავიამიმოსვლის აღდგენა გამოიტანა.