ჯანდაცვის სამინისტროს წინ მიმდინარე დევნილთა აქციას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა.
"ზუსტად მათ გადაეცემათ ის ფართები, რომელიც ახლა არის გადასაცემი თბილისში, 960 ბინაა და რატომ აქვთ პროტესტი, ვერ გავიგე. გამჭვირვალობა არსებობს, კრიტერიუმები არსებობს, შესაბამისად, თუ ამ კრიტერიუმებს ისინი აკმაყოფილებენ, მიიღებენ ბინას,"- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
შეგახსენებთ, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე 13 დღეა დევნილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დევნილები შიმშილობასაც აანონსებენ და აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნა 24 საათში არ დაკმაყოფილდება, ხვალიდან უწყების შესასვლელს გადაკეტავენ და თანამშრომლებს შენობაში არ შეუშვებენ.