18 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
მასწავლებელი მოსწავლეს კიბიდან დაგორებაში ადანაშაულებს

სკოლის მუსიკის მასწავლებელი მე-6 კლასელ მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განმარტებით, გოგონა მას თითქმის ერთი წელია უკან დაჰყვება, სურათებს უღებს და მოსწავლეების წინაშე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. პედაგოგის თქმით, ბოლო ასეთი ადევნების შემდეგ 11 წლის მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

მუსიკის პედაგოგი კლინიკაში ორი დღის წინ, თავის ტვინის შერყევითა და წელის არეში დაჟეჟილობით შეიყვანეს. მასწავლებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

საჯარო სკოლის შიდა სივრცე ვიდეო-კამერებით კონტროლდება. მე-2 სართულის ამ ნაწილში, კამერების ხედვის არეალში, შემთხვევის ადგილი ვერ მოხვდა.
შემთხვევას თვითმხილველებიც არ ჰყავს. როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, გოგონას დისციპლინური გადაცდომები აქვს და მას პრობლემა თანაკლასელებთანაც ჰქონდა. 

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს მოსწავლის დედა. მშობელი ძალადობაში თავად მუსიკის პედაგოგს ადანაშაულებს და იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ მასწავლებელმა გოგონას გაღიმების გამო თავში წიგნი ჩაარტყა. მისი თქმით, მაშინ პედაგოგი არ გაათავისუფლეს, რადგან სკოლის მაშინდელი დირექტორი მფარველობდა. მშობლის თქმითვე, მომხდარის გამო მის შვილს ფსიქოლოგიური სტრესი აქვს.

რუსთავის სკოლაში არსებული ვითარება დიდი ხანია ცნობილია განათლების სამინისტროსთვისაც. როგორც მანდატურის ფსიქო-სოციალურ სამსახურში განმარტავენ, ისინი თითოეულ ფაქტზე რეაგირებდნენ, თუმცა შედეგი მშობელზეა დამოკიდებული.

შემთხვევაზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეების დაკითხვას საგამოძიებო უწყება ამ დრომდე აგრძელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

 

დღის ამბები